weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

როგორც ქალი პრეზიდენტისთვის, თოლორაიას მიმართ მსგავსი მოპყრობა მიუღებელია – ზურაბიშვილი

23:17 ორშაბათი, 27 დეკემბერი 2021

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ უნდა შეწყდეს „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული იმ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ითვალისწინებს.

„მიუღებელია დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების წინასწარი კონსულტაციების გარეშე ინიცირება და დაჩქარებული წესით განხილვა!“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მისთვის, როგორც ქალი პრეზიდენტისთვის, ასევე მიუღებელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქალი ხელმძღვანელის, ლონდა თოლორაიას მიმართ მსგავსი მოპყრობა.

„სახელმწიფოში, სადაც გამოცხადებული პრიორიტეტების მიხედვით უნდა ხდებოდეს ქალების როლის გაძლიერება, ქალ ხელმძღვანელს დეკრეტულ შვებულებაში ყოფნისას, წინასაახალწლო პერიოდში, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე უუქმებენ უწყებას.

მიუღებელია, უწყების ხელმძღვანელმა საკუთარი სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მედიიდან შეიტყოს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ინიცირებული ცვლილების განხორციელება გამოიწვევს არა მხოლოდ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის ქალი ხელმძღვანელის, არამედ 100 -ზე მეტი ადამიანის სამსახურის გარეშე დატოვებას.

მიმაჩნია, რომ არ არსებობს ამ ცვლილების დაჩქარებული წესით განხორციელების აუცილებლობა.

მაშინ, როდესაც ქვეყანა იმყოფება ასეთი მძიმე პოლარიზაციის პირობებში, ყველა მსგავსი გადაწყვეტილების მიღება საზოგადოებაში იწვევს ბუნდოვანებას და კითხვებს, რაც რეალურად დამაზიანებელია დეპოლარიზაციის პროცესისათვის!

მნიშვნელოვანია შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის პოვნა, რისთვისაც გთავაზობთ:

შეწყდეს ამ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა და ყველას მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს საკუთარი არგუმენტები, ინსპექტორს კი, მიეცეს საშუალება პარლამენტს გააცნოს უკვე წარდგენილი ანგარიში საკუთარი საქმიანობის შესახებ და შემდეგ, ყოველივე ამის საფუძველზე, მიღებულ იქნას დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომელიც საზოგადოებაში მოხსნის კითხვებს! ასევე, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამ უწყებაში დასაქმებული 114 -ვე თანამშრომლისთვის, მათ შორის სახელმწიფო ინსპექტორისათვის სამუშაო ადგილის შესანარჩუნებლად“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პარლამენტში წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და მის ნაცვლად ორი ახალი უწყების შექმნას ითვალისწინებს. კანონპროექტის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია, რომელიც ამ თანამდებობაზე პარლამენტმა 2019 წლის ივლისში, 6 წლის ვადით აირჩია.

ლონდა თოლორაიას განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობამ დამოუკიდებელი სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტი კონსპირაციულად შეიმუშავა და მისი ინიცირება წინასაახალწლო პერიოდს, ასევე მის დეკრეტში ყოფნას დაამთხვია.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ლონდა თოლორაიას უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდება. გარდა ამისა, გაუქმდება სახელმწიფო ინსპექტორის არჩევითი თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის ყველა თანამშრომელი 2022 წლის 1 მარტიდან სამსახურის გარეშე დარჩება.

„ეს არის სამსახურის დასჯა - დამოუკიდებლობისთვის, საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებისთვის, კანონმორჩილებისთვის… სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ უკმაყოფილება, პარლამენტის წევრების კომენტარებშიც პირდაპირ და მკაფიოდ არაერთხელ იქნა გამოხატული. დღეს უკვე, ეს უკმაყოფილება იქცა კანონპროექტად“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, მის გუნდს არანაირი პოლიტიკური ინტერესი არ ამოძრავებს და მათი მიზანი ინსტიტუციური და სამართლებრივი რეფორმის გატარებაა.

 

ამ თემაზე:

აშშ-ის ელჩი პარლამენტს მოუწოდებს სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონპროექტი შეაჩეროს

OHCHR სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების ინიციატივის გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]