weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ვეცდებით სააკაშვილი უკრაინაში ან მესამე ქვეყანაში იქნეს გადაყვანილი – გვარამია

16:18 სამშაბათი, 28 დეკემბერი 2021

მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის და „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, სააკაშვილი ფსიქორეაბილიტაციისთვის უკრაინაში ან სხვა ქვეყანაში უნდა იქნეს გადაყვანილი.

„ეს არის მკურნალი ექიმის პოზიცია, რომელიც გვეუბნება, რომ ადგილი ჰქონდა PTSD-ს, ანუ წამების შემდგომ სტრესულ მდგომარეობას, რომ მისი რეაბილიტაცია საქართველოში შესაძლებელია მხოლოდ თავისუფლების პირობებში. თუ თავისუფლების პირობებში ეს არ მოხდება, მაშინ რეკომენდირებულია მისი საზღვარგარეთ გაყვანა“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში ფსიქო-ნევროლოგიური სტატუსის განსაზღვრის გარეშე მიჰყავდათ. როგორც გვარამია ამბობს, სააკაშვილი დათანხმდა მის, ოჯახის წევრების და მეგობრების თხოვნას და საკვებს მიიღებს, ვიდრე გორის სამხედრო ჰოსპიტალში რჩება, ხოლო პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის მცდელობის განმეორების შემთხვევაში, შიმშილობას დაიწყებს.

„ადამიანს ეს ერთადერთი ფორმა აქვს ბრძოლისთვის, ჩამორთმეული აქვს ყველა ადამიანური უფლება, დამცირებულია და ღირსებაშელახულია ამათ მიერ, თორემ თვითონ თავს გრძნობს მხნედ და მიუხედავად ყველაფრისა, ფიქრობს, რომ ეს პროცესი უნდა წარიმართოს იმგვარად, რომ ქვეყანა არ დაზარალდეს. მიაჩნია, რომ ეს შეგნებულად კეთდება იმისთვის, რომ ქვეყანა დააზარალოს ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა. 

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ყველაფრის შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანია, იგი გადაყვანილი იქნეს (პირადად ჩემი დამოკიდებულებაა) ან უკრაინაში ან მესამე ქვეყანაში, სრული ფსიქორეაბილიტაციისთვის. 

როგორ გააკეთებს ამას და რანაირად, ამაზე უნდა იფიქროს საქართველოს ხელისუფლებამ. პირველ რიგში, ეს მის ინტერესებში შედის და ჩვენ ამას აუცილებლად ყველანაირად ვეცდებით და მივაღწევთ კიდეც“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ დაახლოებით 17:30 საათზე, გორის ჰოსპიტლიდან მისი გადაყვანა ძალით სცადეს, რასაც წინააღმდეგობა გაუწია, გაითიშა და დროის გარკვეული მონაკვეთი აღარ ახსოვს. სააკაშვილის თქმით, ეს იყო ყველაზე მწვავე კრიზისი, რომელიც ოდესმე ჰქონია.

ნიკა გვარამია აცხადებს, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილს „ძალადობით თავს დაესხნენ, გაკოჭეს, ვიღაცამ ხელი ყელში წაუჭირა“ და პლასტიკის საათი მოხსნეს, რომელიც ხუთი კვირის განმავლობაში ეკეთა. 

„საათის ეპიზოდი იუსტიციის მინისტრის გამოსვლაში საერთოდ არ იყო ნახსენები. ჩვენ ვითხოვთ უწყვეტი კადრების ამოღებას პირეველ ეპიზოდთან დაკავშირებით, როცა ვითომ იძულება არ ყოფილა. იგი იძულებით გაჰყავდათ უკვე ოთახიდან, როდესაც ძალიან ცუდად გახდა და იძულებულნი გახდნენ, დაებრუნებინათ ლოგინში. ამის შემდეგ წამების კიდევ უფრო მძიმე ფაქტი დგება, როდესაც საათის მოხსნა მოუნდათ“, – განაცხადა დღეს გვარამიამ. 

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამბობს, რომ გუშინ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა დასრულდა და დაწესებულებიდან გაწერეს, რის შემდეგაც მასთან სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ და რუსთავის ციხეში გადაყვანის შესახებ აცნობეს. ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მათ კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა, აღელდა, რის გამოც წნევის ცვალებადობა აღენიშნებოდა და „შესაბამისად, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება გადაყვანის დროებით გადავადების შესახებ“. შეკითხვაზე, რა დროით გადაიდო სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა, მინისტრმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას სამედიცინო პერსონალთან კონსულტაციის შედეგად მიიღებენ. 

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი ნინო გოგორიშვილი ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. როგორც ის აცხადებს, არ უთქვამს, რომ სააკაშვილი სამკურნალოდ საქართველოდან უცხოეთში უნდა იყოს გაყვანილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]