weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

რამდენიმე კვირაში Pfizer-ისა და Merck-ის მედიკამენტები გვექნება – ჯანდაცვის მინისტრი

11:48 ორშაბათი, 10 იანვარი 2022

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საქართველო კორონავირუსის სამკურნალო ანტივირუსულ მედიკამენტებს რამდენიმე კვირაში მიიღებს. საუბარია Pfizer-ისა Merck-ის მიერ წარმოებულ აბებზე, რომლებსაც ამერიკის საკვებისა და წამლის სააგენტომ (FDA) გადაუდებელი გამოყენებისთვის ავტორიზაცია მიანიჭა.

„ჩვენ ადგილზე გვაქვს მედიკამენტები, რითაც სხვადასხვა ეტაპზე ვახორციელებთ კოვიდინფიცირებულების მკურნალობას. ასევე შევუკვეთეთ და რამდენიმე კვირაში დამატებით გვექნება „ფაიზერის“ და „მერკის“ წარმოების მედიკამენტები, რომლებიც საკმაო ეფექტურობით გამოირჩევა“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სადღესასწაულო დღეებიდან გამომდინარე, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა ფიქსირდება და ყოველდღიურად საშუალოდ 3000 შემთხვევა ვლინდება. 

„ლაბორატორიულად დადასტურებული გვაქვს ახალი შტამის – „ომიკრონის“ 1000-მდე შემთხვევა. თუ შეიძლება ჩავთვალოთ დადებითად, არის ის, რომ „ომიკრონის“ მიმდინარეობა არის საკმაოდ მსუბუქი, მნიშვნელოვნად არ არის გაზრდილი ჰოსპიტალიზირებულთა რაოდენობა. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ შემცირებულია გარდაცვლილთა რაოდენობა.

ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მნიშვნელოვნად გაიზრდება „ომიკრონის“ შემთხვევების რაოდენობა, ჯანდაცვის სისტემა სრულად არის მობილიზებული, მზად არის, გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას“, – განაცხადა ჯანდაცვის ახლად დანიშნულმა მინისტრმა.

აშშ-ის მარეგულირებელმა ორგანომ Pfizer-ის მიერ წარმოებულ პრეპარატ „პაქსლოვიდს“ ავტორიზაცია 22 დეკემბერს მიანიჭა, ხოლო Merck-ის მიერ წარმოებულ „მოლნუპირავირს“ – 23 დეკემბერს. 

„პაქსლოვიდის“ გამოყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, კორონავირუსის დადასტურების შემდეგ არის ნებადართული. პრეპარატი განკუთვნილია 12 წელზე მეტი ასაკის, რისკის ქვეშ მყოფი პაციენტების სამკურნალოდ. იგი მიიღება სამი ტაბლეტის სახით დღეში ორჯერ ხუთი დღის განმავლობაში (ჯამში 30 აბი).

„მოლნუპირავირს“ არ არის ნებადართული 18 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებში გამოსაყენებლად, რადგან შეიძლება გავლენა მოახდინოს ძვლებისა და ხრტილების ზრდაზე. „მოლნუპირავირი“ მიიღება ოთხი 200-მილიგრამიანი კაფსულის სახით, პერორალურად ყოველ 12 საათში ხუთი დღის განმავლობაში (ჯამში 40 კაფსულა). ის მუშაობს SARS-CoV-2 ვირუსის გენეტიკურ კოდში შეცდომების შეყვანით გზით, რაც ხელს უშლის ვირუსის შემდგომ გამრავლებას. „მოლნუპირავირიც“ ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და მისი მიღება უნდა დაიწყოს COVID-19-ის დიაგნოზის დასმიდან რაც შეიძლება მალე. იგი გამოიყენება მოზრდილებში, რომლებიც იმყოფებიან დაავადების მძიმედ პროგრესირების, მათ შორის, ჰოსპიტალიზაციის ან სიკვდილის, მაღალი რისკის ქვეშ და ვისთვისაც FDA-ს მიერ ავტორიზებული მკურნალობის სხვა საშუალებები არ არის ხელმისაწვდომი ან კლინიკურად შესაბამისი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]