weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

სააკაშვილმა „კომუნისტის“ სტატია წაიკითხა და დღევანდელი ხელისუფლების ტექსტებს შეადარა 

15:09 ხუთშაბათი, 13 იანვარი 2022

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის საქმის განხილვაზე, გაზეთ „კომუნისტიდან“ ის მონაკვეთი წაიკითხა, სადაც 1924 წლის აჯანყების დროს საქართველოში ვალიკო ჯუღელის, ნოე ხომერიკის და ბენია ჩხიკვიშვილის დაბუნების შესახებ წერდნენ. 

სააკაშვილის თქმით, დღევანდელი ხელისუფლებაც იმავე ტერმინებს იყენებს, რასაც კომპარტია იყენებდა და მაშინ თუ გაზეთი „კომუნისტი“ იყო გამხმოვანებელი, ახლა ტელეკომპანია „იმედი“, პოსტ TV“ და სხვა ორგანოები არიან. 

„უფროსმა ხალხმა კარგად იცის, რა არის გაზეთი „კომუნიტი“. ეს იყო საქართველოს კომპარტიის ცენტრალური ორგანო, ბოლშევიკების ცენტრალური ორგანო. 1924 წელს იყო აჯანყება ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით, რომელშიც ჩემი წინაპრები და ნათესავებიც მონაწილეობდნენ. მასში მონაწილეობის მისაღებად გადმოვიდნენ ვალიკო ჯუღელი და ნოე ხომერიკი, პირველი რესპუბლიკის მთავრობის მინისტრი და ბენია ჩხიკვიშვილი, თბილისის პირველი მერი. 

გაზეთი „კომუნისტი“ ამ დროს წერს: „საქართველოში აღიკვეთა ხელისუფლების მტრების ქურდული შემოპარვა ჩვენს მიწა-წყალზე. არაფერი ჩვენ არ გამოგვეპარება“. მარტო „ბიძინაობის“ მილოცვა აკლია ამ ტექსტს. 

შემდეგ ის წერს: „ვალიკო ჯუღელის სახელი (და ვალიკო ჯუღელი იყო ქართული ეროვნული გვარდიის მეთაური საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროს, დიდი ქართველი პატრიოტი, რომელმაც მოიგერია მტრების შემოსევა ძალიან ბევრი მხრიდან, ისევე როგორც გენერალმა კვინიკაძემ და გენერალმა მაზნიაშვილმა) ვალიკო ჯუღელის სახელი ყველას მოეხსენება, საქართველოში მენშევიკების ბევრი ცოდვა და დანაშაული აქვთ ჩადენილი, მაგრამ ყველაზე უფრო საზიზღარი და საშინელი იყო დაუსრულებელი სისხლისღვრა, რომელსაც არ ჰქონდა სასრული დამოუკიდებელი (ეს დამცინავად არის ნათქვამი) საქართველოს მიწა-წყალზე“. 

ხომ არ გეცნოთ ტექსტი? „სისხლიან 9 წელს“ ხომ არ გაგონებთ შემთხვევით? არაფერი იცვლება – მაშინ იყო გაზეთი „კომუნისტი“, ახლა არის „ტელეიმედი“, პოსტ TV“ და კიდევ უამრავი სხვა ორგანო, რომელიც ზუსტად იგივეს ახმოვანებს. ზუსტად ასევეა სიძულვილის ენა, მტრის ენა, დაყოფის ენა. 

ვალიკო ჯუღელი და დანარჩენებიც მაშინ დახვრიტეს. ქაქუცა ჩოლოყაშვილმა გადალახა საქართველოს საზღვარი, მოახერხა საქართველოდან გაღწევა და ჩვენ გადმოვალახვინეთ უკან საზღვარი, ჩემი პრეზიდენტობის დროს, და დავკრძალეთ საქართველოში დიდი პატივით.

ეს არის ისტორიის სამსჯავრო. ისტორიის სამსჯავროს არც ეს დარბაზი აქვს ჩემი აშენებული, არც ეს შუშები, რომლებიც არ მაძლევს საშუალებას ანარეკლის გარეშე ვესაუბრო ქართველ ხალხს. ეს არც მანდატურებია, ეს არც მოსამართლეები და პროკურორებია, ეს არც ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებია. 

ამიტომ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას დაწერენ და რა გადაწყვეტილებას გამოიტანენ დღევანდელ სასამართლოები, სამსჯავროები, ფილიპე მახარაძეები და ორჯონიკიძეები. ისტორიის სამსჯავრო არის ჩვენს მხარეზე და ჩვენ აუცილებლად გაგვამართლებს და ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. 

ზვიად გამსახურდიას რატომ არ ასამართლებთ საზღვრის უკანონოდ გადმოლახვისთვის? უკვე ვეღარ ასამართლებთ იმიტომ, რომ მოკალით, ხომ? 

თორემ რომ დაეჭირათ ზვიადი, რომელსაც მე მივანიჭე საქართველოს ეროვნული გმირის წოდება, ზვიად გამსახურდია აუცილებლად გასამართლდებოდა უკანონო რეჟიმის მიერ რომელმაც რუსეთის ჯარების დახმარებით მოახდინა გადატრიალება საქართველოში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოლახვისთვის“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, დაბრუნდა იმისთვის, რომ „რეჟიმს მოუწყოს სასამართლო იმისთვის, რაც გააკეთა საქართველოში“.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რის შემდეგაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს პირველი ოქტომბერი, „ბიძინაობა“ მიულოცა.

სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მუხლით ბრალდება 20 ოქტომბერს წარედგინა. პროკურატურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ 29 სექტემბერს, ღამით გადმოკვეთა და ის ფოთის ნავსადგურში შემოსულ გემზე განთავსებულ, ელგუჯა ცომაიას მფლობელობაში არსებულ რძის პროდუქტებით დატვირთულ ტრაილერში იმყოფებოდა. სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე ოთხი ადამიანია დაკავებული – ელგუჯა ცომაია, გიორგი ნარიმანიძე, მამა-შვილი ზურაბ და შალვა წოწორიები. მათ მძიმე დანაშაულის დაფარვა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანა ედებათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]