weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პრეზიდენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონს ვეტო არ დაადო 

17:10 ხუთშაბათი, 13 იანვარი 2022

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო არ დაადო „ქართული ოცნების“ მიერ დაჩქარებული წესით მიღებულ კანონს, რომელიც პირველი მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ითვალისწინებს. ზურაბიშვილის თქმით, უსამართლო ვითარება შეიქმნა, თუმცა სამართლებრივი ხასიათის მოტივირებული შენიშვნებისთვის საფუძველი არ ჰქონდა. 

„დღეს ხელი მოვაწერე „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც ითვალისწინებს სამსახურის გაუქმებასა და მის ნაცვლად ახალი სტრუქტურების ჩამოყალიბებას. ამგვარი სტრუქტურული ცვლილებების მიმართ არსებობდა და არსებობს განსხვავებული შეხედულებები, თუმცა ეს გადაწყვეტილება არ შეიცავს თავისთავად კატეგორიული ხასიათის სამართლებრივ წინააღმდეგობას. სამსახურის გაუქმება და ახალი სტრუქტურების დაარსება თავისთავად არ იძლევა საფუძველს პრეზიდენტის მხრიდან სამართლებრივი ხასიათის მოტივირებული შენიშვნებისათვის“, – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

ამასთან, პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მიუღებლად მიაჩნია ასეთი მნიშვნელოვანი კანონის მიღება დაჩქარებული წესით, ყოველგვარი კონსულტაციებისა და სათანადო დისკუსიის გარეშე. 

„დაჩქარებული წესით მისი განხილვის საჭიროება არაფრით არ ყოფილა გამართლებული. მიუღებელია, რომ ქვეყანაში, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიის გამყარებას, ისეთ საკვანძო საკითხს, როგორიც არის პირადი მონაცემების დაცვა, დისკუსიისათვის სათანადო დრო და სივრცე არ ეთმობა.

ძალიან ცუდი პრეცედენტია, რომ დამოუკიდებელი სამსახურის ხელმძღვანელი, 6 წლის ვადით არჩეული პირი, სამსახურიდან თავისუფლდება ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა თუ მისი პროფესიული საქმიანობის მიმართ არგუმენტირებული შენიშვნების გარეშე. 

მით უმეტეს, როცა ჩვენი ქვეყნისთვის კვლავ ერთ-ერთ დიდ გამოწვევად რჩება თანამდებობის პირების დამოუკიდებლობისა და ხელშეუხებლობის გამყარება. 

მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად შექმნილია უსამართლო ვითარება, რასაც ვიზიარებ და გამოვხატავ ჩემს უარყოფით დამოკიდებულებას. ვიტოვებ იმედს, რომ გამოსავალი იქნება მოძიებული, რათა ახლად შექმნილ ერთ-ერთ სამსახურში სახელმწიფო ინსპექტორს მიეცეს საკუთარი საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა, დამოუკიდებლობის ყველა გარანტიით. მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება ასევე განაპირობებს დანარჩენი თანამშრომლების დამოუკიდებლობის ხარისხს“, – აცხადებს ზურაბიშვილი.

30 დეკემბერს პარლამენტმა მხარი დაუჭირა 28 დეკემბერს წარდგენილ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და მის ნაცვლად ორი ახალი უწყების – სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შექმნას ითვალისწინებს. 

სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2022 წლის პირველი მარტიდან უქმდება. შესაბამისად, თანამდებობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდება პარლამენტის მიერ 2019 წელს, 6 წლის ვადით არჩეული ლონდა თოლორაია, ასევე, პოსტებს დატოვებენ მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები.

„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი ისე შეიმუშავა, რომ პროცესში ლონდა თოლორაია, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული მხარეები არ ჩართო. თოლორაიას თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი კონსპირაციულად მოამზადა და სამსახურის თითოეული თანამშრომლისთვის მის შესახებ ცნობილი მხოლოდ 25 დეკემბერს, მედიის საშუალებით გახდა. 

„ყველასთვის ცხადია, რომ ეს არ არის რეფორმა. ეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუტისა და მისი დამოუკიდებელი თანამშრომლების წინააღმდეგ მიმართული ქმედება“, – აცხადებდა ლონდა თოლორაია, რომელიც იმედოვნებდა, რომ პრეზიდენტი კანონს ვეტოს დაადებდა და საკანონმდებლო ორგანოს უკან დაუბრუნებდა.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შეფასებით, კანონპროექტის მიღებით „ქართულმა ოცნებამ“ მთავრობის ანგარიშვალდებულებას ძირი გამოუთხარა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]