weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

შალვა ნათელაშვილმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო

14:22 ხუთშაბათი, 10 თებერვალი 2022

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შევა. როგორც მან განაცხადა, პარტიამ ეს გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო, რადგან ბოიკოტმა შედეგი ვერ გამოიღო და კოლეგა ოპოზიციონერები უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შევიდნენ.

„გარეთ ერთი პარტიის დარჩენა ვერანაირ ამინდს ვერ ქმნიდა, გარდა იმისა, რომ ჩვენ გვაკლდებოდა ტრიბუნა, საიდანაც შიშველ სიმართლეს ვაჯახებთ ხელისუფლებას და შევეცდებით რაღაც არ გავაკეთებინოთ, რაღაცაზე ხელი ავაღებინოთ, რაღაც გავასწოროთ ან შიგნიდან ჩამოვშალოთ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ამ გადაწყვეტილების მიღებას წინ უძღოდა სოციალურ ქსელში ჩატარებული გამოკითხვა. როგორც ნათელაშვილმა განაცხადა, გამოკითხვაში მონაწილეთა 98% კატეგორიულად ითხოვს პარლამენტში „ლეობორისტული პარტიის“ შესვლას.

„შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის მთავარმა, ეროვნულმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტში შევიდეს „ლეიბორისტული პარტია“, უსამართლოდ დაჩაგრული, არაერთხელ გამოგდებული, ხმებწართმეული, ხმებგაყალბებული, რეპრესირებული, მაგრამ მაინც ამაყად მდგომი, იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენი ხალხის ინტერესებისთვის ვიბრძვით. დიდი ალბათობით, იქით კვირაში მიხილავთ პარლამენტში, თუ „ქართულ ოცნების“ ოფისს ასტეროიდი არ დაეცა“, – განაცხადა „ლეობორისტული პარტიის“ ლიდერმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში. 

15 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, შალვა ნათელაშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავენ. ნათელაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მიიღებს „ანტიკონსტიტუციურ გადაწყვეტილებას“, ამით „ლეიბორისტული პარტიის“ ამომრჩევლებს შეუზღუდავენ კანონიერ უფლებას, ჰყავდეთ წარმომადგენელი პარლამენტში.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად „ლეიბორისტულმა პარტიამ“ პარლამენტში ერთი მანდატი მიიღო. შალვა ნათელაშვილმა მანდატზე უარი თქვა, თუმცა მაშინ პარლამენტმა მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ამჯერად განმარტავს, რომ შალვა ნათელაშვილისთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტის საფუძველია კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის ის ჩანაწერი, რომლის მიხედვით, თუ პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრო, უფლებამოსილება ვადამდე უნდა შეუწყდეს. კომიტეტის განმარტებით, ნათელაშვილი საშემოდგომო სესიის განმავლობაში გამართული 15 პლენარული სხდომიდან არცერთს დაესწრო. თავად შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში იყო, რაც მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველს გამორიცხავს.

იმ შემთხვევაში, თუ შალვა ნათელაშვილს დეპუტატის მანდატი შეუწყდება, მისი პარტია ბიუჯეტიდან დაფინანსებას დაკარგავს, რაც წელიწადში 289 710 ლარს უდრის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]