„საოცარი ქართველი ხალხი, რომელსაც ესმის, რომ მეგობრებს მხარი უნდა დაუჭირო! ყველას მადლობელი ვარ, ვინც თბილისში და სხვა ქალაქებში გარეთ გამოვიდა უკრაინის მხარდასაჭერად და ომის წინააღმდეგ. მართლაც, არის დრო, როდესაც მოქალაქეები არ არიან მთავრობა, მაგრამ მთავრობაზე უკეთესები არიან“, – დაწერა Twitter-ზე ზელენსკიმ.
25 თებერვალს თბილისში, ჯერ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, შემდეგ კი პარლამენტის წინ მასშტაბური მშვიდობიანი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს ომში მყოფ უკრაინელ ხალხს და დააფიქსირეს, რომ არ იზიარებენ საქართველოს მთავრობის მეთაურის პოზიციას.
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს არ შეუერთდება. მისივე თქმით, არც უკრაინის საკითხზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მივიდოდა, რადგან „მას თავისი საქმე აქვს, პარლამენტს თავისი, ომი უკრაინაში მიმდინარეობს“.
გარდა ამისა, დღეს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ჩაშალეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელიც უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პრეზიდენტმა მოიწვია. უფრო მეტიც, საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციის წევრებს სხდომათა დარბაზის კარი ჩაუკეტა და შიგნით შესვლის საშუალება არ მისცა.
ამ თემაზე:
საქართველო არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს - ღარიბაშვილი
მე ჩემი საქმე მაქვს, პარლამენტს თავისი, ომი უკრაინაშია - ღარიბაშვილი