weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ღია ვართ ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვის, დისკრიმინაციაზე კანონი გამკაცრდება – კობახიძე

18:20 პარასკევი, 04 მარტი 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ შემოიღო, დღეს კი ეს პარტია აგორებს კამპანიას საქართველოში რუსი ეროვნების მოქალაქეებისთვის დისკრიმინაციული შეზღუდვების შემოღების შესახებ

როგორც ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების წინააღმდეგ კანონმდებლობა გამკაცრდება. 

„საქართველოს პარლამენტმა უკვე დაიწყო მუშაობა კანონმდებლობის გამკაცრებაზე, რომელიც ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების წინააღმდეგ იქნება მიმართული.

აშკარაა, რომ დისკრიმინაციული კამპანია რუსი ეროვნების მოქალაქეების წინააღმდეგ ომის პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ განიხილება როგორც ერთგვარი ბოლო შანსი, საქართველო ჩათრეულ იქნას სამხედრო კონფლიქტში, რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს.

საქართველო ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვის, განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა და პასუხისმგებელია მათ მიმართ არადისკრიმინაციული მოდგომის უზრუნველყოფასა და მათი უსაფრთხოების დაცვაზე. 

საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს ამ პასუხისმგებლობის შესაბამისად“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

კობახიძის თქმით, დღეს, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც წამოწყებულია ამ მასშტაბის კამპანია რუსი ეროვნების მოქალაქეების ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ. 

„ეთნიკური ნიშნით ადამიანების დისკრიმინაცია არის გაუგონარი მოვლენა ცივილიზებული სამყაროსთვის. ამგვარი მიდგომით ჩვენ ვერ გავხდებით ევროკავშირის წევრი. გარდა ამისა, ეს არ არის ქართული კულტურის ნაწილი. უკვე ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც კერძო კომპანიები რუსი ეროვნების მოქალაქეებს მომსახურებაზე უარს ეუბნებიან, ან მომსახურების მისაღებად დისკრიმინაციულ დათქმებს უწესებენ. არის სერიოზული საფრთხე იმისა, რომ ამგვარმა მიდგომამ უფრო ფართო ტენდენციაც შეიძინოს და რუსი ეროვნების მოქალაქეების ფიზიკურ შეურაცხყოფაშიც გადაიზარდოს.

მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, მიიღონ ყველა ზომა ყოველგვარი ფიზიკური დაპირისპირებისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობის პრევენციისა და აღკვეთისათვის. ამგვარი ქმედების ყველა ჩამდენი კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს“, – განაცხადა კობახიძემ.

როგორც კობახიძე ამბობს, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჭარბი რაოდენობით შემოსვლასთან დაკავშირებულ ყველა შესაძლო რისკს, საქართველოს ხელისუფლება სრულად დააზღვევს.

„რუსეთში ცხოვრობს 800 ათასამდე ქართველი, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს 10 ათასობით ქართველი, რომელთა დიდი ნაწილი საქართველოს მოქალაქეა. ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ დისკრიმინაციული მიდგომა საქართველოში მყოფი რუსი ეროვნების მოქალაქეების მიმართ 100 ათასობით ქართველს უქმნის უშუალო საფრთხეს. თუმცა, კამპანიის ავტორები ამ ფაქტსაც არაფრად აგდებენ და მეტიც, გამორიცხული არაა, ამ პრობლემის შექმნა მათი განზრახვის შემადგენელი ნაწილიც იყოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ამ თემაზე:

ხელისუფლებას მიმართავენ პეტიციით, რუსეთთან უვიზო რეჟიმი გააუქმოს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]