weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

პოპულისტური ხომ არ იყო? რა ჩამოიტანა? შედეგი რა მივიღეთ? – მდინარაძე პრეზიდენტის EU-ში ვიზიტზე

15:09 სამშაბათი, 15 მარტი 2022

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ჩნდება „ლეგიტიმური ეჭვი“ ევროკავშირში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრები პოპულისტური ნაბიჯი ხომ არ იყო.

„ბუნებრივია, ლეგიტიმური ეჭვი ჩნდება, პოპულისტური ხომ არ იყო ეს ნაბიჯები, როდესაც იცი რომ მომგებიანი თემაა – რა თქმა უნდა, მათი გადმოსახედიდან, ვინც ამას აკეთებს, პრეზიდენტი იქნება თუ სხვა პოლიტიკოსი.

მათი აზრით, ეს მომგებიანი იქნება... „უკრაინის საკითხებზე წავედი“, მაგრამ რა ჩამოიტანა? შედეგი რა იყო ამის? ამით ხომ უნდა გავაკეთოთ ანალიზი?! შეხვდა მაღალი რანგის თანამდებობის პირებს, ძალიან კარგად გამოიყურებოდა ვიზუალურად ეს შეხვედრები და შედეგი რა მივიღეთ?

გუშინ რომელიმე თქვენგანმა ამ შეხვედრების შედეგის შესახებ მოისმინეთ?“, – განაცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.

ის პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვასაც გამოეხმაურა.

„სამწუხაროდ, საჭირო გახდა, რომ კონსტიტუციით გათვალისწიენბული უფლებამოსილებების, მისი გამიჯვნის და კომპეტენციების შესახებ განმარტოს საკონსტიტუციო სასამართლომ რადგან პრეზიდენტის მხრიდან, მისივე თქმით და აღიარებით, უხეშად დაირღვა საქართველოს კონსტიტუცია“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

გუშინ, პარლამენტში გამოსვლის დროს, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 26 თებერვალს, მთავრობამ წერილობით უთხრა უარი პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე. სალომე ზურაბიშვილის თქმით, არსებული ვითარების გათვალისწინებით, ყველა ოფიციალური ფორმატი გააუქმა, საჭიროდ მიიჩნია პირადი კონტაქტების გამოყენება და „სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა“.

ამ განცხადების შემდეგ „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულეს, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტია პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელსა და პარიზში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა.

„ჩემმა ევროპაში ვიზიტმა დამარწმუნა, რომ არსებობს ევროკავშირში გაწევრიანების ახალი, რეალური და ნამდვილი შანსი, რეალური მზადყოფნა ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ამ მოცემულობაში კი, აუცილებელი იყო და მაქსიმალურად ვეცადე, პირადი შეხვედრებით, თუ საერთაშორისო მედიაში გამოსვლებით გამემყარებინა საქართველოს კუთვნილი ადგილი ამ პროცესებში, რათა არ გაჩენილიყო იმის ცდუნება, რომ საქართველო ან დაევიწყებინათ, ან სხვა ჭრილში განეხილათ, ვიდრე უკრაინა ან მოლდოვა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რატომ დაბლოკა მთავრობამ პრეზიდენტის ვიზიტები. ღარიბაშვილის თქმით, როდესაც რეგიონში რთული პროცესები მიმდინარეობს და უკრაინაში ომია, პრეზიდენტი და მთავარსარდალი ქვეყანაში უნდა ყოფილიყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]