„წინასწარი მონაცემების მიხედვით, საარჩევნო ოლქში, სადაც დაახლოებით 10 000 ამომრჩეველი იღებს ხოლმე არჩევნებში მონაწილეობას, ჩვენი კანდიდატი რამაზ ჯინჭარაძე სულ მცირე ათასი ხმით იგებს. ბუნებრივია, წინასაარჩევნო მონაცემები „ნაციონალურ მოძრაობასაც“ აქვს და მათაც იციან, რომ არჩევნები მათი კანდიდატის მარცხით დამთავრდება და ამის გამო მათ გადაწყვიტეს, ამ არჩევნებზეც ნაცად ხერხს მიმართონ და მის მშვიდ გარემოში ჩატარებას მაქსიმალური სირთულეები შეუქმნან.
ამაზე მიანიშნებს მათ მიერ გასული დღეების განმავლობაში სიებთან დაკავშირებით შექმნილი ყალბი აჟიოტაჟი და თუნდაც, ის ფაქტი, რომ
მათ ბათუმში მიავლინეს ყველაზე სტაჟიანი პროვოკატორები, რომელთა პოლიტიკურ შოუებსაც ხვალ, სავარაუდოდ, ტელეეკრანებიდან ვიხილავთ“, – განაცხადა მდინარაძემ ბრიფინგზე.
„ქართული ოცნების“ ლიდერმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდა, არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას ხელი არ შეუშალოს.
„ასევე მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, ყველა სამართალდარღვევას, რომელიც ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის წინააღმდეგ იქნება მიმართული, კანონის მთელი სიმკაცრით გასცენ პასუხი“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
რაც შეეხება მის მიერ ნახსენებ სიებს, საუბარია მე-4 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობის ზრდაზე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ოლქში 20 635 ამომრჩეველია რეგისტრირებული, რაც 497-ით მეტია 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობაზე.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი კირთაძე აცხადებდა, რომ ამომრჩეველთა რიცხვი ხელოვნურად გაიზარდა. ეს საკითხი მდინარაძემ შემდეგნაირად ახსნა:
„რეალურად, 18 წლის რომ გახდნენ ადამიანები, 100-ზე მეტი პიროვნება, ერთ-ერთი კომპონენტია იმ ე.წ. მოგონილი 500-კაციანი სიიდან, რომელიც ვითომ ვინმემ დაამატა. დანარჩენი – მაგალითაც, იყო შემთხვევები, როგორც აღმოჩნდა, რომ მეუღლე არ იყო ჩაწერილი და გადაეწერა“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებაში“ წარმოდგენა არავის აქვს, „დანარჩენი 100-ზე თუ 200-ზე მეტი ადამიანი“ სად გადაეწერა და არ გამორიცხავენ, რომ ეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იყოს დაკავშირებული.
მე-4 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნებიდან“ რამაზ ჯინჭარაძე იყრის კენჭს, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან – მათე ფუტკარაძე.
მათე ფუტკარაძე 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ბათუმის საკრებულოში არჩეული ნუგზარ ფუტკარაძის შვილია. ფუტკარაძე საკრებულოს პირველი სხდომის ჩატარებამდე გარდაიცვალა, რის გამოც აღნიშნულ ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარება გახდა საჭირო.