weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

უკრაინა, როგორც წესი, ეყრდნობა ინგლისის და ამერიკის დაზვერვის მონაცემებს – სააკაშვილი

13:40 სამშაბათი, 05 აპრილი 2022

„გუშინ გაისმა ინფორმაცია, რომ საქართველოს გავლით ამარაგებენ რუსეთის არმიას სამხედრო ნაწილებს. მე არ მინდა დავიჯერო, რომ ეს მართალია, მაგრამ უკრაინის დაზვერვა, როგორც წესი, ეყრდნობა ინგლისის და ამერიკის დაზვერვის მონაცემებს“, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სიტყვით გამოსვლის დროს.

„გია ლორთქიფანიძეს დააბრალეს, მაგრამ გია ლორთქიფანიძე საერთოდ სხვა უწყებაში მუშაობს, SBU-ში [უკრაინის უსაფრთხოების სამსახური], კონტრდაზვერვაში და ეს არის თავდაცვის სამინისტრო. ორი სხვადასხვა უწყება ქალაქის სხვადასხვა ადგილას, ერთმანეთთან გადაკვეთა არ აქვთ.

ღმერთმა არ ქნას, რომ ეს მართალი იყოს, მაგრამ სავარაუდოდ დასავლეთის დაზვერვის მონაცემებია.

თუ ეს ასეა, თითოეული ამ ტანკის დეტალზე არის დავით გობეჯიშვილის, ბახვა ჩიქობავას, დავით რატიანის, ჩვენი ბეროს და უამრავი სხვა უკრაინელი, თუ ქართველი მებრძოლის სისხლი. არ შეიძლება საქართველო ამაში მონაწილეობდეს.

ფინანსთა სამინისტრომ უარყო – ჩვენ სანქციებს ვიცავთო. წინა დღეს პრემიერმა თქვა არ ვიცავთო, მეორე დღეს ამბობენ, ვიცავთო. მაშინ გვაჩვენონ ინსტრუქცია, სია იმისა, თუ რა არის სანქცირებული. თუ საზღვარზე მართლაც აჩერებენ ამ პროდუქციას და არ უშვებენ, უნდა იყოს ინსტრუქცია, რომელიც უნდა გამოქვეყნდეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დაჯერება და არა ის, რომ „ნაციონალები“ ამბობენ ამას“ თუ მითიური გია ლორთქიფანიძე თუ კიდევ ვიღაც სხვა.

ეს არის უკრაინის სახელმწიფოს ოფიციალური განცხადება, რომელიც იმყოფება ომში, მათ შორის ჩვენს ომში იმისთვის, რომ აქ არ შემოგვივარდნენ რუსები, ყელი არ გამოგვჭრან, არ დაგვახრჩონ, არ გაგვანადგურონ და ჩვენი შვილები არ გააუპატიურონ, რასაც აკეთებენ ყველგან“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, საუკუნოვანი სირცხვილია, რაც დღეს საქართველოსა და უკრაინას შორის ხდება.

„მეგობრებო, გამოვფხიზლდეთ. რამდენიმე კვირა გვაქვს, რომ ეს სირცხვილი ჩამოვიფერთხოთ ეროვნული კონსოლიდაციით, ერთიანობით, სიძლიერით, სიმშვიდითა და სიმტკიცით“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ 4 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი, საქართველოს „პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან“ შეთანხმებით, სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, საქართველო უმკაცრეს კონტროლს ახორციელებს ქვეყნის ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე და ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში, მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება.

საქართველოს სახელმწიფო საფრთხოების სამსახური უკრაინული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მხოლოდ 5 აპრილს გამოეხმაურა და მოითხოვა ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები – „მათზე სამართლებრივი რეაგირების მიზნით“.

„წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ გავრცელებული განცხადება წინასწარგანზრახული დეზინფორმაციაა, წარმოადგენს უკიდურესად არამეგობრულ და პროვოკაციულ ნაბიჯს და მიზნად ისახავს საქართველოში შიდა არეულობის პროვოცირებას, რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ, ემსახურება მხოლოდ საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ძალების ინტერესებს“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]