weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

ვისურვებდი, რომ უკრაინის მთავრობა არ აჰყვეს კრიმინალების ნაამბობს – წულუკიანი

17:34 სამშაბათი, 05 აპრილი 2022

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა დეზინფორმაცია უწოდა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთი, საქართველოს „პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან“ შეთანხმებით, სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულების პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის.

წულუკიანმა უკრაინის ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშჩუკს გამოეხმაურა და უთხრა, რომ საქართველოს საზღვრები კონტროლდება.

„მე, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილ მუშაკს 10 წლის განმავლობაში, როგორც ჩვენი ქვეყნის იუსტიციის მინისტრს რვა წლის განმავლობაში, მჯერა და მინდა მჯეროდეს, რომ დადგება დრო და საერთაშორისო სამართალი თავის სიტყვას იტყვის, მაგრამ მანამდე აუცილებელია, ომი შეწყდეს.

რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ პატარა საქართველოს არ შეუძლია, შეაჩეროს ეს ომი, რომლის შეჩერებაც დიდმა და ძლევამოსილმა ქვეყნებმა დღემდე ვერ შეძლეს.

მინდა, ქალბატონ ვერეშჩუკს ვუთხრა, ძვირფასო კოლეგავ, მინდა, გჯეროდეთ და გარწმუნებთ, საქართველოს საზღვრები კონტროლდება სწორედ იმისთვის, რომ ნებისმიერი სანქცირებული, იქნება ეს სამხედრო, ორმაგი დანიშნულების მასალა, თუ საქონელი, არ ასცდეს მკაცრ საბაჟო მონიტორინგს ჩვენს საზღვრებზე. ეს არის რეალობა, დანარჩენი ყველაფერი არის ბინძური ტყუილი.

ჩვენი ბრალი ვერ იქნება, თუ უკრაინა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ჩემი იუსტიციის მინისტრობის პერიოდში გადაიქცა საქართველოდან გაქცეული კრიმინალების ნაკრძალად. ამიტომაც, მე ვისურვებდი, რომ უკრაინის მთავრობა არ აჰყვეს კრიმინალებს, მათ ნაამბობს, რაც არ უნდა ძნელი იყოს ომის პირობებში სიმართლისა და ტყუილის გარჩევა ხანდახან. ვისურვებდი, რომ ისინი არ აჰყვნენ სწორედ ჩვენგან გაქცეულ ძებნილ კოლექტიურ გია ლორთქიფანიძეებს, რომლებიც უარს ამბობენ ისეთ სისასტიკეებზე აგონ პასუხი, რომლებიც საკუთარი ხალხის წინაშე ჩაიდინეს და ითანაშრომლონ არა ჩვენგან გაქცეულ რადიკალურ ოპოზიციასთან, არამედ საქართველოს მთავრობასთან, ვინაიდან,

საქართველოს ხალხი და მის მიერ დემოკრატიულად არჩეული მთავრობა არის უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ძალიან ერთგული მეგობარი, ამას ჩვენი ხალხი და მთავრობა ყოველდღიური საქმიანობისას ფაქტებით ამტკიცებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ 4 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი, საქართველოს „პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან“ შეთანხმებით, სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის. ამ ინფორმაციაზე კომენტარი ირინა ვერეშჩუკმაც გააკეთა და თქვა, რომ „სამწუხაროდ, დაზვერვა არ ცდება“. ვერეშჩუკის განცხადებით, საუბარია არა მაკარონსა და წიწიბურაზე, არამედ სამხედრო საქონლის – სამხედრო ტექნიკისა და მისი ნაწილების კონტრაბანდაზე.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, საქართველო უმკაცრეს კონტროლს ახორციელებს ქვეყნის ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე და ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში, მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება.

საქართველოს სახელმწიფო საფრთხოების სამსახური უკრაინული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას 5 აპრილს გამოეხმაურა და მოითხოვა ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები – „მათზე სამართლებრივი რეაგირების მიზნით“.

„წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ გავრცელებული განცხადება წინასწარგანზრახული დეზინფორმაციაა, წარმოადგენს უკიდურესად არამეგობრულ და პროვოკაციულ ნაბიჯს და მიზნად ისახავს საქართველოში შიდა არეულობის პროვოცირებას, რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ, ემსახურება მხოლოდ საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ძალების ინტერესებს“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]