weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მსგავსი სიბინძურე ფიქრადაც არ გაგვივლია – მდინარაძე უკრაინის ბრალდებაზე

15:17 ოთხშაბათი, 06 აპრილი 2022

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინა საქართველოსგან ელის ოფიციალურ მტკიცებულებებს იმისას, რომ რუსეთი საქართველოს მეშვეობით არ ცდილობს სანქციებისთვის გვერდის ავლას.

„საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის ფარგლებში, ჩვენ მოვისმინეთ კიდევ ერთი, სრულიად გაუგონარი განცხადება, რომელიც შეურაცხმყოფელია როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, რასაც დღეს, სამწუხაროდ, უკარაინის ხელისუფლების მხრიდან დაემატა მტკიცებულებების მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რაც არათუ უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს და აბსურდია, არამედ მსგავსი სიბინძურე ფიქრადაც არავის გაუვლია ჩვენი მხრიდან. მტკიცებულებები მოსთხოვო მას, ვისაც წარმოუდგენელი განზრახვა და დანაშაული დააბრალე სპეციალურად საქართველოს წინააღმდეგ გამოგონილი „ნოუ ჰაუა“ ამ სფეროში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ქართული ოცნების“ ლიდერის თქმით, ასეთი განცხადებების უკან ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები და უკრაინის ხელისუფლებაში მდგომი ცალკეული ადამიანები დგანან.

„თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ უკრაინის შესაბამისმა სამსახურებმა წარმოადგინონ რაიმე სახის მტკიცებულება საქართველოსთვის წაყენებული ამაზრზენი ბრალდების შესახებ ან საჯაროდ, იმავე წყაროებითა და ფორმით უარყონ საკუთარი აბსურდული განცხადებები მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის, საქართველოს მიმართ.

სრულიად გამაოგნებელია, რომ ამ ყველაფერზე საუბარი გვიწევს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ღია აგრესიის, ომის და იმ უკიდურესად შემაშფოთებელი კადრების ფონზე, რასაც ჩვენ ბოლო დღეებში და ზოგადად, მის დაწყების დღიდან ვხედავთ.

გამაოგენებელია, რომ ღია კონფრონტაციაში შემოდიან ქვეყანასთან, რომლის 20% იმავე სახელმწიფოს, რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, რომელიც დღეს უკრაინის ტერიტორიაზე და მის წინააღმდეგ ომს აწარმოებს.

ამავე დროს, არსებობს უამრავი ქვეყანა, რომლის მიმართაც ერთი საყვედურიც კი არ დასცდენიათ, იმის მიუხედავად, რომ ეს ქვეყნები არათუ სანქციებს არ უერთდებიან, არამედ საქართველოსგან განსხვავებით, არცერთ საერთაშორისო პლატფორმაზე არ გამოხატავენ თავიანთ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ

უკვე აშკარად ჩანს და ლოგიკურია, რომ უახლოეს დღეებში ვიხილავთ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანიის და პროვოკაციების ახალ ტალღას, რაც საქართველოში მღელვარების გამოწვევის და ასევე, მეორე ფრონტის გახსნაზე იქნება ორიენტირებული. ამისთვის მზადდება ნიადაგი და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მეგობარი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებებიც, როგორც ჩანს, ამ კამპანიის ნაწილია.

ამიტომაც, მივმართავთ ყველას, ვინც ამ კამპანიაში რაიმე ფორმით არის ჩრთული, განსაკუთრებით, ომის პარტიას და მის წარმომადგენლებს, შეწყვიტეთ ჰიბრიდული ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ და ნუ ცდილობთ საქართველოს ომში ჩათრევას“, – განაცხადა მდინარაძემ.

მან დაამატა, რომ საქართველოს ხელისუფლება „საქართველოს და ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესებიდან გამომიდნარე“ მოქმედებს და ჰიბრიდული ომის წარმომადგენლები თავიანთ მიზანს ვერ მიაღწევენ.

„ჩვენი თანმიმდევრული ნაბიჯები არის გარანტი, რომ ქვეყანა განაგრძობს მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას. ყველაფრის მიუხედავად, საქართველო არასდროს შეწყვეტს უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას ყველა საერთაშორის პოლიტიკურ პლატფორმაზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მედიის ინფორმაციით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ზეწოლა რომ არ ყოფილიყო საქართველოსა და სხვა ქვეყნებზე, რომელთა მეშვეობითაც რუსეთი სანქციებისთვის გვერდის ავლას ცდილობს, რუსები ამას უკვე დიდი ხნის წინ გააკეთებდნენ და რუსეთზე სანქციების გავლენა შემცირდებდა.

„რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ საქართველოსგან ველოდებით ოფიციალურ მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს, რომ ამას არ აკეთებენ. შემდეგ გადავწყვეტთ, რა ზომები მივიღოთ, თუ ეს მტკიცებულებები და არგუმენტები არ იქნება საკმარისად დამაჯერებელი“, – განაცხადა კულებამ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ 4 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი, საქართველოს „პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან“ შეთანხმებით, სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის. საქართველოს სახელმწიფო საფრთხოების სამსახურმა უკრაინული მხარეს ამ ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოსთხოვა.

 

ამ თემაზე:

არ გეუბნებით იბრძოლოთ, მაგრამ კონტრაბანდულ იარაღს მაინც ნუ გაატარებთ – ვერეშჩუკი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]