„საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი იმყოფება ლუქსემბურგში, სადაც შეხვდება ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის, რომელიც გადასცემს ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარს. პროცესს სჭირდება მაქსიმალური ჩართულობა ყველა უწყების მხრიდან. მე პირადად გავაკონტროლებ ამ პროცესს და ვიქნები ჩართული. ჩვენ მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა მივაწოდოთ შევსებული კითხვარი ბრიუსელს“, – განცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პროგრესი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირთან ურთიერთობაშია მიღწეული, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამსახურებაა.
„მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს მოქალაქეებს, ყველა ის სიკეთე, პროგრესი, რომელიც მიღწეულ იქნა ამ ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირთან ურთიერთობაში, არის სწორედ ჩვენი ხელისუფლების, მმართველი პარტიის დამსახურება, დაწყებული ასოცირების შეთანხმების გაფორმებით, ასევე თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ახლა უკვე ოფიციალური განაცხადი წევრობაზე.
ეს ყველაფერი უკავშირდება სწორედ „ქართულ ოცნებას“. ამიტომ, ამ პასუხისმგებლობით, ჩვენ მივიღებთ რა ამ კითხვარს, ჩავერთვებით და მაქსიმალურად მოკლე დროში წარვადგენთ შევსებულ დოკუმენტაციას. მოლოდინი მაქვს, რომ გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა პარლამენტთან, სხვა დაინტერესებულ პირებთან, რომლებიც ამ პროცესში თავის წვლილს შეიტანენ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველომ ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა, თუმცა ამის გაკეთებას 2024 წლისთვის გეგმავდა. პროცესი მას შემდეგ დაჩქარდა, რაც რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინამ ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანება მოითხოვა. მას ასოცირებული ტრიოს სხვა წევრებმა – საქართველომ და მოლდოვამაც მიბაძეს. უკრაინამ კითხვარი 8 აპრილს მიიღო.