ღარიბაშვილმა დღეს, 11 აპრილის მთავრობის სხდომაზე ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა, რა დროსაც ჰესების საკითხსაც შეეხო.
„ტურიზმის აღდგენა ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ჩვენ თუ შევადარებთ კოვიდამდელ, 2019 წლის პერიოდს, დაახლოებით 80-90%-ით არის აღდგენილი. ექსპორტი იზრდება, ახლა ჩვენ კონსულტაციები გვაქვს სხვადასხვა ინვესტორებთან. ჩვენ გვინდა რომ დავიწყოთ ჰესების მშენებლობის პროექტები, მათ შორის სახელმწიფოს ჩართულობით, ამის თაობაზე ძალიან მალე მოგახსენებთ.
ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ მათ შორის სახელმწიფომაც მიიღოს ნაწილობრივი მონაწილეობა დიდი პროექტების განხორციელებაში“ – თქვა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრს კონკრეტული პროექტები არ დაუსახელებია.
ბოლო ორი წლის განმავლობაში განსაკუთრებით აქტუალური იყო რიონის ხეობაში ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის პროექტი, რის წინააღმდეგაც ადგილობრივი მოსახლეობა გამოდის. რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ინვესტორმა კომპანიამ შპს „ენკა რინიუებლზმა“ პროექტზე უარი თქვა და საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულება გაწყვიტა. „ენკა რინიუებლზის“ 90%-იანი წილის მფლობელი თურქული კომპანია Enka İnşaat-ის 2021 წლის ფინანსურ ანგარიშში წერია, რომ დაახლოებით 40 მილიონი დოლარის ქონება ჩამოწერეს. ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი ორ ჰესს მოიცავდა – ზემო ნამახვანი ჰესს, რომლის დადგმული სიმძლავრე 100 მგვტ იყო და ქვემო ნამახვანი ჰესს 324 მგვტ დადგმული სიმძლავრით. ეკონომიკის სამინისტრო აცხადებდა, რომ „ენკა რინიუებლზი“ პროექტის განსახორციელებლად 800 მილიონი დოლარის ოდენობით ინვესტიციას გააკეთებდა.
ამ თემაზე:
საბოლოოდ ნამახვანჰესის პროექტი უნდა განხორციელდეს – ეკონომიკის მინისტრი