weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ენმ-მ საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრად ლიკა ბასილაია-შავგულიძე წარადგინა

13:40 სამშაბათი, 12 აპრილი 2022

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ლიკა ბასილაია-შავგულიძის კანდიდატურა წარადგინა. ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების დროს, ლიკა ბასილაია-შავგულიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ საინფორმაციო გამოშვება „მოამბე“ მიკერძოებული გაშუქების გამო გააკრიტიკა.

„არის სურვილი, რომ ხელისუფლება, მმართველი პარტია პოზიტიურ კონტექსტში წარმოაჩინონ. თითქოს, ლობირებენ კი არა, ადვოკატირებენ ხელისუფლებას. ეს არ უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქცია. მისი ფუნქცია და ვალდებულებაა იყოს აბსოლუტურად მიუკერძოებელი, დაიცვას პლურალიზმი და იყოს დისტანცირებული შეფასებებისგან“, – განაცხადა ლიკა ბასილაია-შავგულიძემ.

გარდა ამისა, მან ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად გამოყო გადაცემა „ახალი კვირის“ დახურვა.

„მე თუ გავხდი ბორდის წევრი, ვიზრუნებ იმაზე, რომ გაშუქება, მით უმეტეს, საინფორმაციო-პოლიტიკური გადაცემების, იყოს აბსოლუტურად მიუკერძოებელი, რომ გაიზარდოს ნდობა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ“, – განაცხადა ბასილაია-შავგულიძემ.

ლიკა ბასილაია-შავგულიძე 2018 წლიდან კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრს ხელმძღვანელობს. 2014-2018 წლებში იყო „კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრის“ დირექტორი და ვებგვერდის, eugeorgia.info-ის მთავარი რედაქტორი. 2011-2012 წლებში მუშაობდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ მედია ანალიტიკოსად. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა გაზეთ „ახალი ვერსიაში“, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში და გაზეთ „რეზონანსში“.

საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის 9-წევრიან სამეურვეო საბჭოში 3 ახალი წევრი უნდა აირჩიოს – ერთი საპარლამენტო უმრავლესობის, ერთი სახალხო დამცველისა და ერთიც საპარლამენტო უმცირესობის წარდგინებით.

მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევმა საპარლამენტო საკონკურსო კომისიამ სამეურვეო საბჭოს წევრობის 11 კანდიდატიდან 10 შეარჩია. ესენი არიან: მარინა გიორგაძე, არინა თავაქარაშვილი, გიორგი იასაშვილი, ბელა კოპალიანი, ვასილ მაღლაფერიძე, ალექსი ნონიაძე, ლაშა ტუღუში, ლია შავგულიძე, დონარა შონავა, ზაზა ხუციშვილი. კომისიამ მხარი არ დაუჭირა მაუწყებლის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გია ჭანტურიას.

სახალხო დამცველმა სამეურვეო საბჭოს წევრად ლაშა ტუღუში წარადგინა, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობამ, „ქართულმა ოცნებამ“ – ვასილ მაღლაფერიძე, რომელიც 2017-2020 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი იყო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ასარჩევად პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის (76 დეპუტატი) მხარდაჭერაა საჭირო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]