ყაველაშვილმა ოპოზიციის წევრებს მოუწოდა, ჩამოყალიბდნენ და დიდაქტიკური ტონი შეიცვალონ „თუ მართლა უნდათ თანამშრომლობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით“. მან ოპოზიციის წარმომადგენლებს „არაფრისმაქნისები“ უწოდა.
„უნდა დაუჯეროთ მიხეილ სააკაშვილს. ჩვენზე გამრჯვება წარმოუდგენელია ამ ძალით და ამ დამოკიდებულებით. გამორიცხულია. არ მოგცემთ ამის საშუალებას ქართული საზოგადოება. მხოლოდ რევოლუცია და აუბით მხარი მიხეილ სააკაშვილს, სხვა შანსი არ გაქვთ ხელისუფლებაში მოსასვლელად. ეს პატარა პარტიები, რომლებიც ხან აქეთ არიან, ხან - იქით, ჩამოყალიბდით, იმიტომ, რომ მიბმული იქნებით ამ ძალასთან და ვერასოდეს, ამ ქვეყანაში, ვერ იქნებით პოლიტიკაში და ხელისუფლებაში. მხოლოდ რევოლუცია და ნახეთ, აბა. ვერცერთხელ ვერ შეაგროვეთ... ნახეთ, რა დღეში ხართ. რის გადამტრიალებლები და რის რევოლუციის გამკეთებლები ხართ. არაფრის მაქნისები ხართ. გაემიჯნეთ, სანამ დროა. ამ ხალხს რევოლუცია უნდა. 2004 წლიდან მოყოლებული ამათი შეგნება და იმ ბელადის შეგნება არ იცვლება. სად გინახავთ სხვა დამოკიდებულება - ისევ ჩამოგდება, დამხობა, გადატრიალება. სხვა ლექსიკა არ გაქვთ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
ამასთან, ყაველაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წევრთან, სალომე სამადაშვილთან მიმართებაში თქვა: „როგორ შეიძლება, რომ ასეთ ადამიანთან დაჯდე და საქმეზე ისაუბრო“.
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა, მათ შორის, სალომე სამადაშვილმა მმართველ პარტიასა და მთავრობას მოსთხოვეს, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გუშინ გადმოცემული კითხვარი გაასაჯაროონ და ოპოზიციის ჩართულობა უზრუნველყონ.