ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს თქვა, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნის მიზნით ჩამოვიდა.
„ეს დაადასტურეს ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმა, რაც ჩემთვის ძალიან სამწუხაროა... გუშინ მოვისმინეთ მათ მიერ დამწუხრებით გაკეთებული განცხადებები, რომ თითქოს ჩვენ, ქართული ხელისუფლება არ ვართ ომისთვის მზად, არ გავაკეთებთ ომს და რომ ამას სააკაშვილი გააკეთებდა. ჩვენ ეს კარგად ვიცით, მეგობრებო“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის მიმართ „უსაფუძვლო ბრალდებების კასკადი“ მას შემდეგ დაიწყო, რაც მისმა გუნდმა მკაფიოდ განუცხადა, მათ შორის, უკრაინის ხელისუფლებას, რომ „არავითარი მეორე ფრონტი და ომი საქართველოშია არ იქნება“.
მარგარიტა სიმონიანი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს გუშინ, 26 აპრილსაც გამოეხმაურა. კერძოდ, მან კომენტარი გააკეთა მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომ „ქართული ოცნება“ არც კი განიხილავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ არცერთ საგარეო პოლიტიკურ რეზოლუციას, მათ შორის, არც უკრაინაში რუსეთის მიერ მოწყობილი გენოციდის აღიარების შესახებ, რადგან „ყველაფერი მიმართულია საქართველოში მეორე ფრონტის გაჩაღების მიზნისკენ“.
„ხომ არ გავაუქმოთ მათთან ავიამიმოსვლაზე დაწესებული აკრძალვა? საპასუხო ჟესტის სახით. ისინი ამას ძალიან ელოდებიან“, – დაწერა სიმონიანმა Twitter-ზე.
საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა, რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყდა, რასაც წინ 20 ივნისს რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებით თბილისში დაწყებული საპროტესტო გამოსვლები უძღოდა.
ამ თემაზე:
მეჩვენება, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან ცდილობს თავი მოაწონოს რუსეთს – არესტოვიჩი