weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

არ შეიძლება საქართველოში ომის პარტიაზე იყოს ლაპარაკი, არავინაა ომის მომხრე – ზურაბიშვილი

12:25 პარასკევი, 29 აპრილი 2022

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ საქართველოში „ომის პარტიის“ არსებობაზე საუბარი არ შეიძლება. მან მხარდაჭერა გამოუცხადა სახალხო დამცველს, რომელსაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ომის პარტიის“ წარმომადგენელი უწოდა.

სალომე ზურაბიშვილმა განცხადება ვაშინგტონში ვიზიტის დროს გააკეთა.

„მე მგონია, რომ საქართველოში არ შეიძლება იყოს ლაპარაკი ომის პარტიაზე. ჩემთვის ეს არ არსებობს, საქართველოში ომის მომხრე არავინაა და მინდა პირადად დავიცვა სახალხო დამცველი, რადგან მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი.

პირველ რიგში, როცა ჩვენ ვამზადებთ ევროკავშირის კითხვარზე პასუხებს, არ შეიძლება ასეთი ბრალდებები ისმოდეს. მეორე მხრივ, ასევე, არ შეიძლება, რომ ვიღაცები საუბრობდნენ იმაზე, რომ საქართველოში, სანქციების გვერდის ავლით, მიდის რაღაცა ფორმის არასანქცირებული ვაჭრობა. ამ საკითხზედაც არ ყოფილა აქ არანაირი ეჭვი და მე მგონი, არავის როლი არ არის რომ შევქმნათ ჩვენ გარეთ ეჭვები ჩვენი ქვეყნის მიმართ, რამეთუ ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია არის ჩვენი მთავარი დამცველი სამომავლოდ“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, თბილისსა და კიევს შორის დაძაბულობით მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი სარგებლობს.

„ჩვენი დღევანდელი დაცულობა არის ის, რომ ვიყოთ ერთად, სოლიდარობა გამოვიჩინოთ ერთმანეთის მიმართ, როგორც ქვეყნის შიგნით უნდა ვიყოთ ერთიანი, ასევე ერთიანი უნდა ვიყოთ ჩვენ, უკრაინა, მოლდოვა. ჩვენ ვართ ერთ მხარეს. ჩვენ ვართ ის ქვეყნები, რომლებიც დღეს არც NATO-ში და არც ევროკავშირში შევდივართ და გვმართებს, ვიყოთ ფრთხილად, მაგრამ ვიყოთ სოლიდარული და ვიცოდეთ, რომ ის რაც ერთს მოუვა, სხვებსაც მოუვა“, – თქვა ზურაბიშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, ყველას, ვინც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს, მათ შორის, საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მიზნით, საქართველოში „ომის გაჩაღება“ უნდა. კობახიძემ აღნიშნა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ომის პარტიაა და მისი წარმომადგენელია სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც. მანამდე, სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნადაა გაუარესებული და რეკომენდირებულია დროული, კომპლექსური ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის ჩატარება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]