weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ყოფილ ინვესტორთან – ღარიბაშვილი ნამახვანჰესზე

14:26 შაბათი, 30 აპრილი 2022

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ყოფილ ინვესტორთან, თურქულ კომპანია „ენკასთან“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომლის შედეგებიც უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

ამასთან, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ დიდი ჰესები, მათ შორის, ნამახვანჰესი, მხოლოდ სახელმწიფოს მონაწილეობით უნდა განხორციელდეს.

„მცირე, საშუალო და დიდი ჰესები უნდა აშენდეს ქვეყანაში, სახელმწიფოში, მაგრამ, რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით.

ნამახვანჰესთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია საჯაროდ გამოვხატე. იქ რაღაც კითხვები არსებობდა, ახლა ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ყოფილ ინვესტორთან და ამის შედეგებს ძალიან მალე გაცნობებთ.

ჩვენ განვიხილავთ, რომ ასეთი ტიპის, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი დიდი პროექტები უნდა განხორციელდეს სახელმწიფოს მიერ. ამის რესურსები აქვს სახელმწიფოს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით მთელი ეკონომიკური გუნდი მუშაობს და მთავრობა გეგმას უახლოეს რამდენიმე კვირაში წარადგენს.

მარტის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ინვესტორმა კომპანიამ შპს „ენკა რინიუებლზმა“ ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტის განხორციელებაზე უარი თქვა და საქართველოს მთავრობასთან 2019 წელს გაფორმებული ხელშეკრულება გაწყვიტა. „ენკა რინიუებლზის“ 90%-იანი წილის მფლობელი თურქული კომპანია Enka İnşaat-ის 2021 წლის ფინანსურ ანგარიშში წერია, რომ ხელშეკრულების გაწყვეტა განაპირობა საქართველოს მთავრობის დეფოლტმა და ფორს მაჟორმა. კომპანიამ 40 389 000 აშშ დოლარის ღირებულების ქონება ჩამოწერა და რიონის ხეობა დატოვა.

მდინარე რიონზე ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ გამოსვლები 2020 წელს, ადგილობრივების ინიციატივით დაიწყო. მალევე ჩამოყალიბდა მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“, რომელმაც მრავალათასიანი აქციები გამართა. პროტესტი უფრო მასშტაბური გახდა 2021 წლის თებერვალში, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მთავრობას ინვესტორი კომპანიისთვის 99 წლის ვადით, რიონის ხეობაში 576.3 ჰექტარი ჰქონდა გადაცემული. უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები „ენკა რინიუებელზთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას აფასებდნენ როგორც კაბალურს.

ხელისუფლება იძულებული გახდა პროტესტის მონაწილეებთან ჯერ მოლაპარაკებები, შემდეგ კი ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართულობით მედიაციის პროცესი დაეწყო. მედიაცია დასრულებული არ იყო, როდესაც 2021 წლის სექტემბერში, ინვესტორმა კომპანიამ ხელშეკრულებას ცალმხრივად გაწყვეტის შესახებ განაცხადა.

საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ნათია თურნავა ამბობდა, რომ „ენკა რინიუებლზი“ ნამახვანჰესის პროექტის განსახორციელებლად 800 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავდა.

 

ამ თემაზე:

„საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას“ – სუსი ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციებზე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]