„პოდოლიაკის განცხადება სამარცხვინოა. ჩვენ არაერთი სამარცხვინო განცხადება მოგვისმენია. ჩემი თხოვნა იქნება ძალიან მარტივად: ჩაეძიოთ და მოიკითხოთ, ვინ არის პოდოლიაკი. ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ.
მე უკრაინასთან ძალიან მჭიდრო კავშირები მაქვს, წლების განმავლობაში ვცხოვრობდი, იქ ვთამაშობდი და ასეთი არსებები, როგორიც პოდოლიაკია, სამარცხვინო არიან. ნახეთ, ვინ არის, რა ცხოვრებით ცხოვრობდა და რას წამოადგენდა ვინმე პოდოლიაკი“, – უთხრა კალაძემ ჟურნალისტებს.
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი მიხაილო პოდოლიაკის მიერ „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა. პოდოლიაკმა ბიძინა ივანიშვილი მოიხსენია რუს ოლიგარქად, რომელსაც საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაზე გავლენა აქვს. მისი თქმით, მისთვის ამოუცნობია, როგორ შეიძლება ქართველების მსგავს ამაყ და ძლიერ ხალხს ჰყავდეს „ისეთი ოლიგარქი როგორიც ივანიშვილია“.