„დღეს გამოვარდა, თუ არ ვცდები პოდოლიაკია... ძალიან უცნაურ მოვლენასთან გვაქვს საქმე, რა. მიხედე, ომი გაქვს, უამრავი ადამიანი გეღუპება, უამრავი გამოწვევა აქვს უკრაინას და იცლიან და თან ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში და ამბობენ, რომ ხალხმა უნდა იმას ქნას, ის არ უნდა იყოს... ვინ ეკითხება პოდოლიაკს? რას წარმოადგენს? ერთი ჩვეულებრივი ვიგინდარაა, პირდაპირ გეტყვით, რომელიც შემთხვევით მოხვდა ხელისუფლებაში ისიც და კიდევ ბევრი სხვა. ამაზე, თავის დროზე, უკრაინელი ხალხი თვითონ იტყვის ხმამაღლა“, – ამბობს ირაკლი ზარქუა.
მიხაილო პოდოლიაკმა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი მოიხსენია რუს ოლიგარქად, რომელსაც საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაზე გავლენა აქვს. მისი თქმით, მისთვის ამოუცნობია, როგორ შეიძლება ქართველების მსგავს ამაყ და ძლიერ ხალხს ჰყავდეს „ისეთი ოლიგარქი როგორიც ივანიშვილია“.
„საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება ბატონ ივანიშვილს, რომელიც მკაფიოდ წარმოდგენილი რუსი ოლიგარქია და სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია აქვს გავლენა დღევანდელ საქართველოს ხელისუფლებაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო ცოტა არ იყოს უცნაურად უყურებს უკრაინაში ომს. არ იკავებს ისეთივე მკაფიო და არაორაზროვან პოზიციებს, როგორიც აქვს ევროკავშირის ქვეყნებს და შეერთებულ შტატებს“, – განაცხადა პოდოლიაკმა.
მანამდე მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ბიძინა ივანიშვილის რუსული ბიზნესის გამო არ მიიღო.
ამ თემაზე: