„სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმ უცნაური დამთხვევებით, რაზეც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატიც საუბრობს, ამ ეგრეთ წოდებული თუ რეალურად დამთხვევებით, აქვს ლეგიტიმაცია ვერსიას, რომ გარკვეულ კოორდინირებულ ქმედებებთან გვაქვს საქმე. ეს არ არის ერთადერთი ვერსია“, – განაცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, ყველას მართებს იმის გათვალისწინება, რომ ბიძინა ივანიშვილმა „2012 წელს საკუთარი თავი გადადო, არათუ რაღაც მატერიალური მიმართულებები“.
„ამით მისი შანტაჟი, თუ ასეთი ვერსია არსებობს, რომ ამ მხრიდან უნდა შემოუარონ ამ ქვეყანას, რომ მას [ბიძინა ივანიშვილს] მოსთხოვონ პოლიტიკაში იმგვარად შემობრუნება ან ჩარევა, რომ ომი იყოს ამ ქვეყანაში, ეს წარმოუდგენელია. შეუძლებელია, ოდნავ მაინც თუ ეს ადამიანი ვინმეს შესწავლილი ჰყავს და ოდნავ მაინც თუ იცნობს, ის ამ გზით იქნას დაშანტაჟებული. ეს წარმოუდგენელია და ყველას მართებს ამის გათვალისწინება“, – განაცხადა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ არ და ვერ გაიზიარებს ვერსიას, რომ ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში აშშ-ის კვალი ჩანს, რადგან მმართველ პარტიას „სხვა წარმოდგენები“ აქვს.
„თუმცა, თუ ამ ვერსიაშივე განვიხილავთ, რომ გარკვეულ კოორდინირებულ მოქმედებას აქვს ადგილი და ამ დაშვებას გავაკეთებთ, მაშინ, ბუნებრივია, ვინც არ უნდა იყოს, მივმართავთ, რომ ომი ამ ქვეყანაში არ იქნება და ეს არ არის ის გზა, რომლითაც შეიძლება კონკრეტული ადამიანი, თუ მას ოდნავ მაინც იცნობ, აიძულო რაღაც მოქმედებებისთვის, მით უმეტეს, თუ მატერიალური მიმართულებით გარკევულ შანტაჟს და ასეთ აზრებს აქვს ადგილი. ადამიანმა, რომელმაც 2012 წელს საკუთარი თავი გადადო, მას მატერიალური მიმართულებით თუ შემოუვლი, არ იქნება შედეგთან მიმართებაში რელევანტური ეს კოორდინირებული მოქმედება“, – განაცხადა მდინარაძემ.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ „კოორდინირებულ ქმედებებზე“ მას შემდეგ დაიწყო საუბარი, რაც ცნობილი გახდა, რომ შვეიცარიულმა ბანკმა Credit Suisse-მა, რომელთანაც ქართველი მილიარდერი წლების განმავლობაში დაობდა, 4 მარტიდან 4 აპრილამდე ივანიშვილს თანხის გადარიცხვა შეუფერხა. დღეს ივანიშვილის ადვოკატმა „სხვა საეჭვო ფაქტებთან“ დაკავშირებითაც გაავრცელა ინფორმაცია. ვიქტორ ყიფიანის განცხადებაში ნათქვამია, რომ მარტიდან მოყოლებული აპრილის შუა რიცხვებამდე ბიძინა ივანიშვილს გარკვეული შეფერხებები შეექმნა ლონდონიდან და ნიუ-იორკიდან ხელოვნების ნიმუშების გადაადგილებაში. გარდა ამისა, როგორც ირკვევა, ასევე მარტში, ივანიშვილმა გერმანიიდან საქართველოში ვერტმფრენი ვერ ჩამოიყვანა.