„ჩვენ გვქონდა გუშინ საუბარი ლეგიტიმურ ეჭვებთან დაკავშირებით და ეს კითხვები პრინციპში კიდევ უფრო მძაფრდება, რადგან საქმე ეხებოდა არა მხოლოდ გადარიცხვებს, არამედ ნახატებსა და ვერტმფრენს. ეს შეფერხება მოიხსნა, თუმცა შეფერხება იყო დაახლოებით ერთ თვე-თვენახევარი ამ შემთხვევაშიც. შესაბამისად,
რა კითხვებიც იყო, ასეთ შემთხვევაში, კიდევ უფრო აქტუალური ხდება, მაგრამ ჩვენ პოლიტიკური კუთხით აღარ გავაღრმავებთ ამ დისკუსიას, მით უმეტეს, რომ ადვოკატის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი თავად მიაწვდის შესაბამის ინფორმაციას საზოგადოებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან უარყო, რომ ამ საკითხზე მმართველმა პარტიამ ანტიამერიკული კამპანია წამოიწყო. ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტმა კობახიძე აღნიშნა, რომ სწორედ „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულმა პირება გამოთქვეს მოსაზრება, რომ შვეიცარიული ბანკი Credit Suisse და აშშ კოორდინირებულად მოქმედებენ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში შემოვიდეს და საქართველო საომარ მოქმედებებში ჩაერთოს, ხოლო პარტიის მხარდამჭერმა მედიასაშუალებებმა სწორედ ამ აქცენტით გაშალეს თემა. ამაზე კობახიძის პასუხი იყო, რომ საქართველოში გამოხატვის თავისუფლებაა.
„ყველას შეუძლია გამოხატოს თავისი აზრი. ჩვენ ერთ მხარეს ვნახეთ, მაგალითად, ხოფერიას განცხადება, რომელიც პირდაპირ კონკრეტულ ქვეყანას ადანაშაულებს რაღაცაში. მეორე მხარეს ვნახეთ უსუფაშვილის განცხადება, რომელიც ამბობს, თურმე არაფერი არ ხდება, როცა ერთი დღის მაგივრად, თვენახევარი გრძელდება რაღაც საბანკო გადარიცხვა და თურმე ჩვეულებრივი მოვლენაა. რა თქმა უნდა, ხოფერიას შეუძლია, ქონდეს თავისი აზრი, უსუფაშვილს შეუძლია, თავისი აზრი ქონდეს. მე მაქვს ჩემი პასუხისმგებლობა და აქედან გამომდინარე, ვერც ერთსა და ვერც მეორეს ვერ გავიზიარებ. ეს არის ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ჩემი პოზიცია, მაგრამ ყველას შეუძლია, გამოხატოს თავის აზრი. რაც შეეხება კითხვების დასმას, რაც დაისვა იგივე ხოფერიას და სხვების მიერ, ეს კითხვები თავისთავად არის ლეგიტიმური, მაგრამ შეფასება სუბიექტურია“, – განაცხადა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „ცარიელი სპეკულაცია“ უწოდა ოპოზიციის წევრების მოსაზრებას, რომ ივანიშვილი შესაძლო სანქციები გამო შეშინებულია.
„ეს ასე ვერ იქნება ერთი მარტივი მიზეზის გამო: ერთი, რომ არც მოქალაქეობა, არც სხვა რაიმე კავშირი მას არ აქვს არც იმ ქვეყანასთან, რომელიც აწარმოებს აგრესისას უკრაინაში და არც ამ აგრესიასთან. როცა არანაირი კავშირი არ არსებობს არც ფორმალური დ არც არაფორმალური, ბუნებრივია, ვერავითარი ფორმით ვერ იქნება ვერავის მხრიდან ეს საკითხი განხილული.
შესაბამისად, ეს ცარიელი სპეკულაციაა. ერთადერთი, რაზეც შეიძლება იყოს ეჭვი, რაზეც ლეგიტიმური კითხვები დაისვა, ეს არის შანტაჟი და არა დასჯა. თუმცა, მე მგონია, რომ ამ ყველაფერს, საბოლოო ჯამში, მოეფინება ნათელი და დამატებითი პოლიტიკური გაღრმავებისგან, მგონია, ყველამ უნდა შეიკავოს თავი“, – განაცხადა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ „კოორდინირებულ ქმედებებზე“ მას შემდეგ დაიწყო საუბარი, რაც ცნობილი გახდა, რომ შვეიცარიულმა ბანკმა Credit Suisse-მა, რომელთანაც ქართველი მილიარდერი წლების განმავლობაში დაობდა, 4 მარტიდან 4 აპრილამდე ივანიშვილს თანხის გადარიცხვა შეუფერხა. დღეს ივანიშვილის ადვოკატმა „სხვა საეჭვო ფაქტებთან“ დაკავშირებითაც გაავრცელა ინფორმაცია. ვიქტორ ყიფიანის განცხადებით, მარტიდან მოყოლებული აპრილის შუა რიცხვებამდე ბიძინა ივანიშვილს გარკვეული შეფერხებები შეექმნა ლონდონიდან და ნიუ-იორკიდან ხელოვნების ნიმუშების გადაადგილებაში. გარდა ამისა, როგორც ირკვევა, ასევე მარტში, ივანიშვილმა გერმანიიდან საქართველოში ვერტმფრენი ვერ ჩამოიყვანა.