weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმი შესაძლოა უკრაინაში დიდი რეფერენდუმის რეპეტიციაა – არესტოვიჩი

13:30 შაბათი, 14 მაისი 2022

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონის რუსეთთან მიერთების საკითხზე ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებით რუსეთი შესაძლოა საერთაშორისო საზოგადოების რეაქციას ამოწმებს.

მარკ ფეიგინთან ინტერვიუში არესტოვიჩი ამბობს, რომ თუ რუსეთი ცხინვალში რეფერენდუმის ჩატარებას შეძლებს, ამის გაკეთებას ხერსონის, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებშიც ეცდება.

„17 ივლისს სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმი გამოაცხადეს. ჩემი აზრით, ეს შეიძლება იყოს უკრაინულ მიწებზე დიდი რეფერენდუმისთვის რეპეტიცია. ჯერ ერთი, უნდათ, ნახონ გაუვათ თუ არა პატარა რეფერენდუმი და მეორე - საჭიროა პატარა გამარჯვებად რაღაც გამოაცხადონ და აი, ეს სამხრეთ ოსეთში გამარჯვება იქნება. ამასთან დაკავშირებით კითხვა მაქვს საქართველოს ხელისუფლებასთან (რა თქმა უნდა, ეს რიტორიკული შეკითხვაა, რადგან ვიცი რას მიპასუხებენ):

საერთოდ, რაიმეს გაკეთებას აპირებთ თქვენი ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობისთვის?! თუ შორიდან იჩხუბებთ არესტოვიჩთან და ილაპარაკებთ, როგორი ნაძირლები ვართ ჩვენ.

ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ეს შეიძლება იყოს პატარა რეპეტიცია ხერსონის ოლქში ან ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში სამომავლო რეფერენდუმებისთვის. თუ გაუვათ, მაშინ წინ წავლენ, თუ არა – უკან დაიხევენ“, – განაცხადა არესტოვიჩმა და აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლება, როგორც სჩვევია, ახლაც რეაქციას ამოწმებს.

ფეიგინის შეკითხვას, აქვს თუ არა საქართველოს ხელისუფლებას შანსი, შევიდეს ცხინვალის ტერიტორიაზე ახლა, იმის გათვალისწინებით, რომ იქიდან რუსეთის ჯარების მნიშვნელოვანი ნაწილი გაყვანილია, ოლექსი არესტოვიჩმა ასე უპასუხა:

„ცუდად ვიცი საქართველოს შეიარაღებული ძალების მდგომარეობა და მათი შესაძლებელობების შეფასება არ შემიძლია, მაგრამ კარგად ვიცი საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მდგომარეობა და აი, მას არ ეტყობა, რომ ეს შეუძლია. იქნებ შეუძლიათ კიდეც, მაგრამ მე ასე არ მგონია, იმიტომ, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობამ თავს უფლება არ უნდა მისცეს ორ შტატგარეშე მრჩეველთან, ჩემთან და პოდოლიაკთან პოლემიკაში აფეთქდეს. მათ სწორედ ეს გააკეთეს პრემიერ-მინისტრის, მმართველი პარტიის ლიდერის და ა.შ. დონეზე. როგორც წესი, ეს მაშინ ხდება, როდესაც ძალიან ზუსტად არტყამ მტკივნულ ადგილზე. ქართველი ხალხიც იკითხავს, რა ხდება ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით? როდესაც ქვეყნის ნაწილს გვართმევენ უკვე დე ფაქტო კი არა, დე იურე სხვა სახელმწიფოსთან მიერთების გზით“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

ოლექსი არესტოვიჩის აზრით, დასავლეთს ე.წ. რეფერენდუმზე რეაქცია ექნება: „ეს იქნება ამ ომთან დაკავშირებით და ზოგადად, კრემლის ასეთი ქმედებების მიმართ მათი დამოკიდებულების კარგი შემოწმება.

ვნახოთ, როგორი რეაქცია ექნებათ სუვერენული ქვეყნის, საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ანექსიის მცდელობაზე, თუნდაც ეს რეფერენდუმის საფარქვეშ კეთდებოდეს. ვნახოთ, რა რეაქცია ექნება დასავლეთს. განსაკუთრებით მაინტერესებს საფრანგეთის, გერმანიის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის რეაქცია.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა გუშინ, 13 მაისს, ხელი მოაწერა „ბრძანებას“, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე ე.წ. რეფერენდუმი 17 ივლისს უნდა გაიმართოს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ბიბილოვის ამ გადაწყვეტილებას ჯერ არ გამოხმაურებია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]