weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პესკოვის თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხზე არ მუშაობენ

15:31 ოთხშაბათი, 18 მაისი 2022

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრეს-სპიკერი, დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის დანიშვნა იქ არსებულ განწყობებს აჩვენებს, თუმცა რუსეთში ამ საკითხზე არ მუშაობენ.

რუსული მედიის ინფორმაციით, პესკოვმა ანატოლი ბიბილოვის გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა:

„ჩვენ როგორც გვესმის, ეს ნამდვილად ასახავს რესპუბლიკაში არსებულ ზოგად განწყობას, რესპუბლიკის მცხოვრებთა და ამ რესპუბლიკის წინა მეთაურის დამოკიდებულებას, მაგრამ ამ დროისთვის რუსეთში არანაირი სამუშაო არ ხორციელდება“.

შეკითხვას, მიაჩნიათ თუ არა კრემლში, რომ რეფერენდუმის ჩატარება არსებულ ვითარებაში მიზანშეწონილი არ არის, დმიტრი პესკოვმა უპასუხა, რომ „უპირველეს ყოვლისა, ეს რესპუბლიკის მაცხოვრებლების, ამჟამინდელი ხელმძღვანელობის საკითხია და მათ თვალსაზრისზე ორიენტირება უფრო საჭიროა“.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა, რომელიც კრემლის მხარდაჭერით სარგებლობდა, წარმატებას ვერ მიაღწია და გამარჯვებულად „ოპოზიციური პარტიის“ ლიდერი, ალან გაგლოევი გამოცხადდა. ე.წ. არჩევნებიდან რამდენიმე დღეში, 13 მაისს, ბიბილოვმა ოკუპირებული რეგიონის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე ე.წ. რეფერენდუმი 17 ივლისს დანიშნა.

ამ გადაწყვეტილების გამო გაგლოევმა ბიბილოვი გააკრიტიკა. მისი განმარტებით, რუსეთთან გაერთიანება ოსი ხალხის „უდიდესი ოცნებაა“, თუმცა „სხვა საკითხია, დადგა თუ არა ის ისტორიული მომენტი, როდესაც აუცილებელია რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ ბრძანების გამოცემა და მისი ჩატარების დაჩქარება“. გარდა ამისა, გაგლოევმა დასვა შეკითხვა, შეათანხმა თუ არა ბიბილოვმა თავისი გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის უფლებამოსილ პირებთან.

ალან გაგლოევის ე.წ. ინაუგურაცია 24 მაისს არის დაგეგმილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]