weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდა

18:35 ოთხშაბათი, 18 მაისი 2022

ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შორის შეხვედრა შედგა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღარიბაშვილი სტოლტენბერგს მის საცხოვრებელ რეზიდენციაში შეხვდა.

„შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებას, რაც ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, შეხვედრისას ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ალიანსთან საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას. მისი თქმით, საქართველო ეფექტიანად იყენებს გაწევრიანების გზაზე არსებულ ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს.

„შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისადმი როგორც ალიანსის, ასევე პარტნიორი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერას და მათთან მჭიდრო თანამშრომლობას. დადებითი შეფასება მიეცა ალიანსში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს.

გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს, როგორც ალიანსის მტკიცე და სანდო პარტნიორის როლი და მისი მნიშვნელოვანი კონტრიბუცია როგორც გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში, ასევე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

შეხვედრაზე მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს პროგრესი და მისი მისწრაფება სათანადოდ იქნება ასახული ალიანსის შემდგომ გადაწყვეტილებებში როგორც ქვეყნის მისწრაფებების პოლიტიკური მხარდაჭერის, ასევე პრაქტიკული შესაძლებლობების გაძლიერების თვალსაზრისით. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ნატო-ს მადრიდის სამიტის მოსამზადებელი საკითხები და მოლოდინები.

საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკრაინის ომს, რაზეც პრემიერ-მინისტრმა ქართველი ხალხის სოლიდარობა კიდევ ერთხელ დააფიქსირა უკრაინელი ხალხის მიმართ.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საქართველოს პრემიერმა გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა პირადი ძალისხმევისთვის და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს წინსვლაში არსებითი როლის შესრულებისთვის“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

18 მაისს, დილით, NATO-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა გაუქმდა, თუმცა მხარეებს არ განუმარტავთ, რა გახდა ამის მიზეზი. მოგვიანებით შეხვედრა ისევ ჩაინიშნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]