weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

2021-2022 წლამდე არ გავბედეთ გვეთქვა: „თქვენ ელაპარაკებით სუვერენულ სახელმწიფოს“ – წულუკიანი

17:09 ხუთშაბათი, 19 მაისი 2022

ვიცე-პრემიერის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოს მთავრობას აკრიტიკებენ, მათ შორის, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი და აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი ვიწროპარტიული ინტერესებით მოქმედებენ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, მთავრობის „გადაყირავება“ სურთ. წულუკიანმა მათ „უცხოელი ნაცები“ უწოდა.

ქვეყნის ვიცე-პრემიერმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში უპასუხა შეკითხვას, მოახდენს თუ არა რაიმე გავლენას ნიკა გვარამიას დაპატიმრება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე.

„არ შეიძლება, სისხლის სამართლის ერთმა საქმემ (რომელიც სისხლის სამართლის საქმეა და არა როგორც, მემგონი, სახალხო დამცველს ჰგონია, რომ ამ საქმეში სისხლის სამართალი საერთოდ არაფერ შუაშუა) ქართველი ერის ევროპული არჩევანი შეცვალოს ან ვინმეს მისცეს იმის უფლება, რომ ესოდენ მნიშვნელოვან საქმედ აქციოს. თუმცა, არის უცხოელთა ჯგუფი, რომლებსაც ეს აღელვებთ“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, „უცხოელთა ჯგუფი“ ცდილობს, ქართველ ხალხს „თავი ისე მიჰყიდოს“, თითქოს, თუ ისინი არიან რაღაცით უკმაყოფილო, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ყველა „ერჩის“, მთელი დასავლეთ ევროპა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსი.

„უცხოელების ამ პატარა ჯგუფს, მე მათში ვგულისხმობ, მაგალითად, ლამის ქართველ პოლიტიკოსად ქცეულ გერმანელ პოლიტიკოსს, ქალბატონ ვიოლა ფონ კრამონს, რომელსაც მგონი, თავის საარჩევნო ოლქში აღარ აქვს იმდენი საქმე და პირდაპირ დაკავებულია ქართულ პოლიტიკაში, პირდაპირ ერევა და ხან ვის დაუქნევს თითს და ხან ვის და ჰგონია, რომ ამის უფლება აქვს.

ასევე, არის იან კელი. ალბათ, ერთი იან კელის წონის ცრემლები აქვს ერთ ქართველ დედას ჩუმად დაღვრილი, როდესაც თავის შვილებს ევროპული და დასავლური არჩევანის დასაცავად უშვებდა სხვადასხვა ბრძოლაში.

მას არ ერიდება, რომ დღეში რამდენჯერმე ქართველ ერს და მის მთავრობას მიაყენოს შეურაცხყოფა, გააკრიტიკოს, თითი დაგვიქნიოს, ვითომ რომელიმე ჩვენგანი ნული კლასის მოსწავლე ვიყოთ. არიან კიდევ სხვებიც“, – აცხადებს წულუკიანი.

წულუკიანის თქმით, ამ ჯგუფში 10-11 ადამიანია. მათ შორის წულუკიანმა ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა და ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისიც დაასახელა.

„ესენი არიან პატარა ჯგუფი და „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ ეს ხალხი მოგვყიდოს, რომ ესენი არიან თვით ევროპა. ამ ხალხს, „ნაციონალებთან“ ერთად აქვს მხოლოდ ვიწროპარტიული ინტერესი, რომ გადააყირაოს ეს მთავრობა, იმიტომ, რომ ისინი არ გვთვლიან მათ მეგობრებად.

მე ყოველთვის მიფიქრია, რომ თუკი უსამართლოდ ეს უცხოელების ჯგუფი რამეს გაგვიბედავდა, ამაში ჩვენც ვართ დამნაშავე, იმიტომ, რომ 2021-2022 წლამდე არ გავბედეთ მათთვის გვეთქვა, რომ – იცი რა? აქ დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ჩვენ ამ სახელმწიფოებრიობაში ათადან და ბაბადან დღემდე სისხლი ჩავღვარეთ და თუ შეიძლება ცოტა დამშვიდდით, იმიტომ, რომ თქვენ ელაპარაკებით სუვერენულ სახელმწიფოს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

წულუკიანის თქმით, ყოფილ ელჩს, იან კელის „საქართველო ძალიან არ უყვარდა“. გარდა ამისა, ის დარწმუნებულია, რომ ვიოლა ფონ კრამონს საქართველო და ქართველი ხალხი „დიდად არ აღელვებს“.

„იმიტომ, რომ თავის მეგობრებს [„ნაციონალურ მოძრაობას“] გარედან მხარი დაუჭიროს, მზად არის დამოუკიდებელი საქართველოს დეპუტატს, მთავრობას ღიად მიაყენოს შეურაცხყოფა. ეს ფაქტია. ჩვენ ეს ერთად უნდა აღვკვეთოთ, იმიტომ, რომ აქ არის დამოუკიდებელი საქართველო და ვემუშაოთ იმ ნამდვილ მეგობრებსა და პარტნიორებს, ვინც შეიძლება გვარებითა და სახელებით საქართველოში არც არიან ცნობილი. მათი სია გრძელია“, – აღნიშნა წულუკიანმა.

 

ამ თემაზე:

9 ევროპარლამენტარი: გვარამიას მიმართ განაჩენი სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროპულ მომავალს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]