weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ლაშა ჩხიკვაძის პროგრამიდან მოხსნის შემდეგ, აშშ-ში არც სხვა 5 მოსამართლე წავიდა

13:51 შაბათი, 28 მაისი 2022

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი პროგრამიდან ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის მოხსნის შემდეგ, აშშ-ში თბილისის საქალაქო სასამართლოს კიდევ ხუთი მოსამართლე არ გაემგზავრა. ეს ინფორმაცია თავდაპირველად ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა, რომელიც იუწყებოდა, რომ ხუთი მოსამართლე კვალიფიკაციას „ქართულმა ოცნების“ და სასამართლოში არსებული „კლანის“ გადაწყვეტილებით ვერ აიმაღლებს.

„მთავარი არხის“ ცნობით, აშშ-ში არ გაემგზავრნენ მოსამართლეები: ხათუნა ხარჩილავა, მაია ქოქიაშვილი, ნინო ნაჭყებია, გიზო უბილავა და რომეო ტყეშელაშვილი. დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად „რეგინფო“ მოსამართლეთა თანაშემწეებს დაუკავშირდა, თუმცა, ისინი აცხადებენ, რომ ამ საკითხზე არაფერი იციან.

„ვერ გავაკეთებ კომენტარს. არ ვარ საქმის კურსში“, – ამბობს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე „მთავარი არხის“ ჟურნალისტის შეკითხვაზე, აშშ-ში არ წასვლა კოლეგებმა მას მხარდაჭერა გამოუცხადეს თუ არა.

ერთი კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნეს. ეს ჩხიკვაძის მიერ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ მოხდა.

24 მაისს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ვინმეს მართლაც რომ ეკადრა მოსამართლისთვის ვიზიტის გაუქმება“, აშშ-ში არც სხვა მოსამართლეები წავიდოდნენ.

„საქართველოში კარგად იციან ღირსებისა და კოლეგიალობის ფასი და დარწმუნებული ვარ, კოლეგა მოსამართლის დისკრიმინაციის ფონზე, ამერიკაში წასვლას არცერთი სხვა მოსამართლე აღარ იკადრებდა“, – განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აშშ-ის საელჩოსაც მიმართა და ლაშა ჩხიკვაძის პროგრამიდან მოხსნის საკითხზე კომენტარის გაკეთებს სთხოვა. საელჩოს მიერ 25 მაისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ 30 წელია საქართველოს სასამართლოს პროგრამებით მხარს უჭერს და „არაპარტიული, აპოლიტიკური დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტიაა ხელისუფლებაში“.

აშშ-ის საელჩოს შეფასებით, გვარამიას საქმეზე 16 მაისს გამოცხადებული გადაწყვეტილება, რომლითაც მას 3 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, „ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]