პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამართალდამცველებმა ოზთურქის ბინიდან 7.2159 გრ. კოკაინი ამოიღეს.
„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 31 მაისს, ბათუმში, გ.ო.-ს საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებული იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 7.2159 გრ. ნარკოტიკული საშუალება კოკაინი.
სამართალდამცველებმა გ.ო. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა) წარედგინა“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ბრალდების მხარე სასამართლოს მიერ გალიფ ოზთურქისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
წარდგენილი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ეროვნებით თურქ, საქართველოს მოქალაქე გალიფ ოზთურქს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.