weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

თუკი EU-ის კანდიდატობას უსამართლო ვალდებულებებით მივიღებთ, უარი ვთქვათ – ხუნდაძე

16:30 პარასკევი, 10 ივნისი 2022

„თუკი საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, პარლამენტარმა დიმიტრი ხუნდაძემ ევროპარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით.

„ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ხუნდაძემ თქვა, რომ რეზოლუცია „ქართველი ხალხის ღია შეურაცხყოფა“ იყო.

„უფრო მეტიც, ასეთი უსამართლო ევროპა საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ჯერ არ გვინახავს. სტატუსის მისაღებად ღირსებას ვერ დავთმობთ! ევროკავშირის შექმნამდე, ევროპის ჩამოყალიბებაში საქართველოს უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი. დღეს, სწორედ ევროპული ღირებულებების ერთ-ერთ შემქმნელ სახელმწიფოს თანამედროვე ევროპა დამამცირებლად გვექცევა“, – ამბობს ხუნდაძე.

მისივე თქმით, გუშინ ჰქონდა განცდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა კვლავ საფრთხის ქვეშ დადგა.

„რა განსხვავებაა ჩვენთვის, ვინ იქნება მბრძანებელი, თუკი კვლავ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მოგვიწევს?! დიახ, სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა და მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანის უარყოფა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობაა.

ვერც ბიძინა ივანიშვილს და ვერც ქართულ სახელმწიფოს სანქციების მუქარით ვერავინ შეაშინებს. პირიქით, გუშინდელმა დღემ ლამის დაანგრია ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი. ეს სახიფათო პოლიტიკური თამაშია“, – ამბობს ხუნდაძე.

ევროპარლამენტმა 8 ივნისს მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების დარღვევებს ეხება. ამასთან, რეზოლუციაში მოხვდა ბიძინა ივანიშვილი. ევროპარლამენტი ევროპულ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს მისი სანქცირების საკითხის განხილვისკენ მოუწოდებს. რეზოლუციის ტექსტში ნათქვამია, რომ საქართველოს „ერთადერთი ოლიგარქი“ დესტრუქციულ როლს ასრულებს პოლიტიკასა და ეკონომიკაში, კონტროლს ახორციელებს მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ საქართველოს მთავრობის პოზიციასაც ბიძინა ივანიშვილის კრემლთან არსებული „პირადი და საქმიანი კავშირები“ განსაზღვრავს.

ევროპარლამენტი მკაცრად გმობს იმ ფაქტს, რომ 2021 წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი ღირსების მარშის დროს, ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ სათანადო გამოძიება არ ჩატარდა.

დაბოლოს, ევროპარლამენტი გამოთქვამს რწმენას, რომ საქართველოს ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები იმსახურებს ასრულებას და ამიტომ მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის, ევროპული კავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა კრიტერიუმს შეასრულებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]