„როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი ხარ და შენი საკუთარი მთავრობა გამგზავრების საშუალებას არ გაძლევს. ბოროტ ხუმრობას ჰგავს, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ეს არის საქართველოს პოლიტიკური რეალობა. რა ჩავარდნაა საქართველოს მთავრობის მხრიდან“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე.
სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე დღის წინ იტალიაში გაემგზავრა, საიდანაც ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ჩავიდა. გუშინ, ბრიუსელში მყოფმა განაცხადა, რომ სურდა „ბოლო ძალისხმევა არ დაეშურებინა ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად“. ზურაბიშვილის განცხადებით, საფრანგეთში, პოლონეთსა და შესაძლოა უკრაინაში გამგზავრებასაც აპირებდა, თუმცა მთავრობისგან უარი მიიღო. პრეზიდენტის სიტყვებით, მას განუმარტეს, რომ მთავრობამ ყველაფერი უკვე გააკეთა საქართველოს კანდიდატურის მხარდასაჭერად და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა.
მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს საერთაშორისო ვიზიტებზე უარი ერთხელ უკვე უთხრა. მარტში პრეზიდენტმა განაცხდა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 26 თებერვალს წერილობით ეთქვა უარი პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების განხორციელებაზე.