weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ღარიბაშვილმა უარყო, რომ პრეზიდენტს საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ვიზიტები დაუბლოკა

13:07 შაბათი, 11 ივნისი 2022

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საზღვარგარეთ ვიზიტების შესახებ ყველა მიმართვა დაუკმაყოფილა. ასე გამოეხმაურა ღარიბაშვილი პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ვიზიტების განხორციელებაზე მთავრობისგან უარი მიიღო.

„მე მინდა ყველას შევახსენო, რომ პირველ რიგში ჩვენი სახელმწიფო სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანა, ეს ერთი. მეორე - ჩვენი ქვეყანა იმართება კანონით და კონსტიტუციით. მე მინდა შევახსენო ყველას, მათ შორის, ქალბატონ პრეზიდენტს, რომ ყველამ და პირველ რიგში, უმაღლესი თანამდებობის პირებმა უნდა დავიცვათ და მაგალითი მივცეთ კანონის ზედმიწევნით შესრულების, კონსტიტუციის და ნორმების დაცვის.

რაც პრეზიდენტის მიერ ნახსნებ ვოიაჟს, მე მინდა განვუმარტო მოქალაქეებს, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ყველა ოფიციალურ მომართვას, რაც ჩვენ მივიღეთ პრეზიდენტისგან, ხელი მოვაწერე და ყველა მისი თხოვნა დავაკმაყოფილე.

გახსოვთ, რომ ქალბატონი პრეზიდენტი იმყოფებოდა გერმანიაში, საფრანგეთში, ახლა იტალიაში იყო და საკვირველია ის, რომ თავად ეს განცხადება ქალბატონმა სალომემ ბრიუსელიდან გააკეთა. თუ მთავრობა პრეზიდენტს ბლოკავს და არსად უშვებს, მაშინ ევროპის დედაქალაქში, ბრიუსელში, როგორ აღმოჩნდა?

რაც შეეხება სხვა ქვეყნებში ვიზიტს, სრული პასუხისმგებლობით განვმარტავ, რომ დღეის მდგომარეობით არავითარი სხვა მომართვა სხვა ქვეყნებში ვიზიტთან დაკავშირებით არ შემოსულა. მე ვხელმძღვანელობ წესების და კანონების მიხედვით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა შესაბამისი მტკიცებულება უნდა წარმოადგინოს.

სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე დღის წინ იტალიაში გაემგზავრა, საიდანაც ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ჩავიდა. გუშინ, ბრიუსელში მყოფმა განაცხადა, რომ სურდა „ბოლო ძალისხმევა არ დაეშურებინა ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად“. ზურაბიშვილის განცხადებით, საფრანგეთში, პოლონეთსა და შესაძლოა უკრაინაში გამგზავრებასაც აპირებდა, თუმცა მთავრობისგან უარი მიიღო. პრეზიდენტის სიტყვებით, მას განუმარტეს, რომ მთავრობამ ყველაფერი უკვე გააკეთა საქართველოს კანდიდატურის მხარდასაჭერად და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა.

მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს საერთაშორისო ვიზიტებზე უარი ერთხელ უკვე უთხრა. მარტში პრეზიდენტმა განაცხდა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 26 თებერვალს წერილობით ეთქვა უარი პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების განხორციელებაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]