weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მაგ რეზოლუციას მე ვაპროტესტებ, მეგის ქარდავა აკლდა – ღარიბაშვილი

15:37 ორშაბათი, 13 ივნისი 2022

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით „უპასუხისმგებლო“ და „სამარცხვინო“ რეზოლუცია მიიღო. ამის შესახებ განცხადება მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

ღარიბაშვილის თქმით, რეზოლუციის მთავრი ინიციატორი ევროპის სახალხო პარტია [EPP] იყო, რომლის პარტნიორი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“.

„EPP-ის მინდა შევახსენო, რომ მათი ამ შვილობილი პარტიის მმართველობის დროს, ქვეყანაში დემოკრატიის არავითარი ნიშნაწყალი არ არსებობდა. არ არსებობდა არც თავისუფალი მედია, ოპოზიციური პარტიები როგორი წნეხის ქვეშ იყვნენ და რომ არ მოსულიყო ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში დღეს ქვეყანა აღარ გვექნებოდა, იმიტომ, რომ იქნებოდა ომში ჩართული. აქ მოაწყობდნენ მეორე მარიუპოლს. ვინ შეეწირებოდა ამ სიგიჟეს და სისულელეს? რაც გააკეთეს მაშინ, 2008 წელს. ჩვენ გვასხოვს მიწაზე გართხმული მთავარსარდალი. სამარცხვინო სახე აჩვენა მთელ მსოფლიოს. ვინ დაიღუპა?! ვინ გადანგურდა?! დავკარგეთ ტერიტორიები, ასზე მეტი ახალი სოფელი და ათიაათასობით დევნილი მივიღეთ ჩვენსავე ქვეყანაში. ეს არის უპასუხისმგებლო პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც მათ დაიწყეს.

ერთი მინდა შევახსენო ჩვენს საზოგადოებას - გამოდის სახალხო დამცველი, ქალბატონი ლომჯარია. საჯაროდ თქვა, რომ ამას მირჩევნიაო, ბომბებისგან მიღებული ცეცხლი და წვა მივიღოთო. უკაცრავად და ვინ უნდა მიიღოს? ქალბატონი ლომჯარია საერთოდ ვის უნახავს სააკაშვილის დროს. ვინმეს გახსოვთ საერთოდ, სახალხო დამცველი გამოსულიყო, მაშინ სხვა პოზიციაზე მუშაობდა, რაიმე საჯაროდ დაეგმო, ადამიანების წამება, ტანჯვა, გაუპატიურება, მკვლელობები, ბიზნესის დატერორება?

მთავარი რეკეტიორი ბიზნესის, ამ სამარცხვინო რეზოლუციაში კეზერაშვილის სახით ჩაწერეს. მე შევახსენებ EPP-ს და ყველა ევროპელს, რომ მისი ფირმას, მას შემდეგ, რაც ის წავიდა თანამდებობიდან, ერთი მილიარდი დოლარის ბრუნვა ჰქონდა. საიდან მეგობრებო? - ჯარის ძარცვიდან, ბიზნესის რეკეტისგან.

მედია თავისუფლება რომ არის ქვეყანაში, ვინმეს კითხვა აქვს ევროპაში და ამერიკაში? ყველამ კარგად ვიცით ყველაფერი. მაგ რეზოლუციას მე ვაპროტესტებ. აკლდა მეგის ქარდავა – მთავარი ჯალათი, სააკაშვილის სახე, რომელიც აწამებდა, აუპატიურებდა... მისი მკვლელების ბრიგადები ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ღარიბაშვილის თქმით, ევროკავშირთან ინტეგრაციის მხრივ, 30 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა.

ევროპარლამენტმა 308 წევრის მხარდაჭერით 9 ივნისს მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების დარღვევებს ეხება. რეზოლუციაში მოხვდა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც. ევროპარლამენტი ევროპულ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს მისი სანქცირების საკითხის განხილვისკენ მოუწოდებს. რეზოლუციის ტექსტში ნათქვამია, რომ საქართველოს „ერთადერთი ოლიგარქი“ დესტრუქციულ როლს ასრულებს პოლიტიკასა და ეკონომიკაში, კონტროლს ახორციელებს მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ საქართველოს მთავრობის პოზიციასაც ბიძინა ივანიშვილის კრემლთან არსებული „პირადი და საქმიანი კავშირები“ განსაზღვრავს.

ევროპარლამენტი გამოთქვამს რწმენას, რომ საქართველოს ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები იმსახურებს ასრულებას და ამიტომ მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის, ევროპული კავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა კრიტერიუმს შეასრულებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]