„იყო საკითხები, რაშიც პრეზიდენტს ვეთანხმები. მან ძალიან სამართლიანად გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება იმ განუხორციელებელი რეფორმებისა დ აიმ შეუსრულებელი ვალდებულებების გამო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ აიღო ევროკავშირის და მისი უმაღლესი წარმომადგენლობის წინაშე.
თუმცა, რა თქმა უნდა, მეც მაქვს შეკითხვები პრეზიდენტთან. თუ ის თვლიდა, რომ გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების და კანონების მიღება იყო გაუმართლებელი, მასაც შეეძლო ემოქმედა - ან ვეტო დაედო, ან როგორც იცით, შეუძლია პრეზიდენტს შეწყალების უფლების გამოყენება და ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით მივმართე კიდევაც.
რატომღაც მან არ ახსენა ის, რომ რეზოლუციაში ეს საკითხიც არის მოხსენიებული და გვერდი აუარა შეწყალების საკითხს.
ამიტომ მე მაქვს მასთანაც შეკითხვები. ვთქვათ, მისი მხრიდან რატომ არ იდგმება შესაბამისი ნაბიჯები, რაც ჩაითვლებოდა ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებად. რა თქმა უნდა, მას ბევრის გაკეთება არ შეუძლია, თუმცა რისი მანდატიც და შესაძლებლობაც აქვს, ვფიქრობ, რომ თუკი მას პრეტენზიები აქვს მთავრობასთან, მასაც შეუძლია შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებების შედეგად, ერთი წლის განმავლობაში საქართველო ასოცირებული ტრიოს მოწინავე ქვეყნიდან ბოლო ადგილზე გადაინაცვლა. ზურაბიშვილმა ამ გადაყვწტილებებს შორის დაასახელა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას „უდროო და სასჯელის მძიმე ფორმით დაკავება“.