„მე ძალიან დიდ ხიფათად მიმაჩნია გზავნილი, რომ ახლა მოდით, ამ ტალღით ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ რეფორმები ჩაატაროს. ჩემი აზრით, ეს არ არის სწორი სამიზნე. თუ ხდება საოცრება და სავლე პავლედ იქცევა ამ წნეხის ქვეშ, სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩეთ ყველა, მაგრამ რაც წერია იმ დოკუმენტში, რომელიც 24 ივნისს დიდი ალბათობით დამტკიცდება... რეჟიმის მიერ ძალაუფლების დათმობის ტოლფასია იმის გაკეთება, რაც იქ წერია. ამიტომ თავი არ უნდა მოვიტყუოთ. აქედან გამომდინარე, ხალხს უნდა ვუთხრათ, რომ ამ რეჟიმის პირობებში, არ გამოვა“, – განაცხადა ბოკერიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.
17 ივნისს ევროკომისიამ წარმოადგინა დასკვნა/მოსაზრება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის განაცხადებთან დაკავშირებით. ევროკომისიამ უკრინასა და მოლდოვას რეკომენდაცია მისცა კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. თუმცა, კომისიამ მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე საქართველოს მხოლოდ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა უნდა მიეცეს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანდიდატის სტატუსი მისაღებად მთელი რიგი პირობების შესრულება იქნება საჭირო. ევროკომისიის მიერ დასახელებულ 12 პრიორიტეტს შორის არის პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება, სასამართლო რეფორმის გატარება, დეოლიგარქიზაცია, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა და სხვა. ევროკომისია მონიტორინგს გაუწევს საქართველოს პროგრესს ამ პრიორიტეტების განხორციელების პროცესში და 2022 წლის ბოლოსთვის საკუთარ ანგარიშს წარმოადგენს.