weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მდინარაძე: ხომ არ აქვს ხოშტარიას რუსულ რუბლებს კავშირი დღევანდელ აქციასთანაც?

13:18 ორშაბათი, 20 ივნისი 2022

„ყველას უნდა გვაინტერესებდეს, ხომ არ აქვს ხოშტარიას რუსულ რუბლებს კავშირი რუსულ ინტერესებთან და დღევანდელ აქციასთანაც, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მოწოდებას დეპოლარიზაციის შესახებ და რომლის ორგანიზატორებიც ცდილობენ ქართველი ხალხის არჩეული ხელისუფლება რუსეთთან გააიგივონ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით.

მდინარაძემ ხოშტარია „რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების ინტერესების“ გატარებაში დაადანაშაულა.

„ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ელენე ხოშტარიას ოჯახის რუსული შემოსავლების შესახებ, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი, ქართველი ოლიგარქების დაფინანსებული ყველა ტელევიზია ცდილობს დამალოს და მიჩქმალოს ეს ამბავი. ხალხი, რომელიც პროევროპელობას იჩემებს და ანტისაოკუპაციო მოძრაობის ფლაგმანებად გვაჩვენებს თავს, საგულდაგულოდ მალავს რუსეთთან კავშირების თუ რუსული საქმის მამტკიცებელ ინფორმაციებს, თუმცა აქტიურად იგონებს და ავრცელებს ასეთ ამბებს.

საზოგადოებას ამ დროისათვის ჯერ კიდევ არ მიუღია პასუხი კითხვაზე, რა მოცულობით და დანიშნულებით იღებდა ხოშტარიების ოჯახი მილიონობით რუსულ რუბლს მთელი ამ წლების განმავლობაში, მათ შორის 2008 წლის რუსული ოკუპაციისა და რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის დაწყების შემდეგ.

როდესაც ადამიანი საზოგადოებას არწმუნებს, რომ მისთვის ყველაფერი რუსული პრინციპულად მიუღებელია და ამავდროულად რუსულ ფულზე უარს არ ამბობს, ეს სულ მცირე ორმაგი სტანდარტისა და სიყალბის უტყუარი მტკიცებულებაა, თუმცა, ამის მიღმა, ეჭვი მძაფრდება, როდესაც ვიხსენებთ, რომ ელენე ხოშტარია იყო ყველა იმ პროვოკაციის ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელი, რომლითაც გასულ წლებში რუსეთმა იხეირა.

მაგალითებისათვის: ყველას გვახსოვს მისი ქმედებები ზუსტად 3 წლის წინ, 20 ივნისს, რამაც საბოლოოდ რუსეთს საქართველოსთან ფრენების ჩაკეტვისა და ქვეყანაზე მძიმე ეკონომიკური დარტყმის მიყენების შესაძლებლობა მისცა.

ყველას გვახსოვს ქმედებები 80 წელს გადაცილებული პოზნერის წინააღმდეგ, რამაც ასევე საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული რიტორიკის წისქვილზე დაასხა წყალი. ეჭვებს ამძაფრებს ელენე ხოშტარიას მამის წარსული, რაზეც ზვიად გამსახურდია აქტიურად საუბრობდა. ასევე ის ფაქტი, რომ თავად ხოშტარია მგიმოს კურსდამთავრებული და რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტია“, – განაცხადა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

მან ელენე ხოშტარიას მოუწოდა, გაასაჯაროოს ინფორმაცია 2008 წლის აგვისტოს შემდეგ „რუსეთიდან მიღებული თითოეული რუბლის“ შესახებ.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარიას ოჯახი რუსეთიდან „მილიონობით რუბლს“ იღებს 16 ივნისს, ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა. პროსახელისუფლებო ტელეკომპანიის ცნობით, მხოლოდ ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში, ხოშტარიას ოჯახის წევრს რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან და მოსკოვის დიდი თეატრიდან, ჯამში 150 ათას დოლარამდე აქვს მიღებული. ხოშტარიას განმარტებით, მისი მამა მემკვიდრეა ცნობილი თეატრალური მხატვრის, სოლიკო ვირსელაძის, რომელიც მარიინსკის სახელმწიფო თეატრთანაც თანამშრომლობდა და „შესაბამისად, ჰონორარები ერიცხება ყველა მისი დადგმული სპეკტაკლიდან უკვე 25 წელია“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]