„ეს აქცია არის „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია. პირდაპირ, ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი და ხალხი ყველაფერს ხედავს, ხალხი ყველაფერს ხვდება. თუ ვინმეს ჰგონიათ, რომ რაიმე პროპაგანდით საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანენ, ძალიან ცდებიან.
საქართველოს ხელისუფლებამ 2012 წლიდან ყველაფერი გააკეთა. ყველა წარმატება ევროპის მიმართულებით, რაც ქვეყანას გააჩნია - ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა - არის იმ ხელისუფლების გაკეთებული, საზოგადოებასთან ერთად, რომელიც დღეს მართავს ქვეყანას. ეს არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, – განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან.
დღეს, 20:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართება, რომელიც სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ არის ორგანიზებული. აქცია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ტარდება. მას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიც უერთდებიან, თუმცა, როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ოპოზიციის წარმომადგენლები აქციაზე სიტყვით არ გამოვლენ.