„რუსთაველზე მარტო „ნაცები“ როდი იდგნენ, თუმცა აქციის ხერხემალს სწორედ ისინი შეადგენდნენ, მაგრამ მათ გარდა, იქ იდგა ჩვენი საზოგადოებს ის ნაწილიც, რომელმაც ამ 30 წლის პროპაგანდის შედეგად მართლა დაიჯერა, რომ ჩვენ სადღაც ევროპაში მივდივართ და რომელსაც, ამ პროპაგანდის შედეგად, ვერ წარმოუდგენია საქართველოს სხვა მომავალი“, – აცხადებს ვასაძე ვიდეოში.
მისივე თქმით, „საქართველო უნდა ისწრაფოდეს იყოს არა რომელიმე ძალის ცენტრის - რუსული ევრაზია იქნება ეს თუ დასავლური ევროპა - პერიფერიული, პროვინციული, მესამე ხარისხოვანი, მაჩანჩალა წევრი, არამედ უნდა ისწრაფოდეს თავად იყოს რაღაცის ცენტრი. ამ რაღაცას ჰქვია კავკასიის რეგიონი“. ლევან ვასაძე მიიჩნევს, რომ ეს არის სქართველოს დამოუკიდებლობის „ერთადერთი ჭეშმარიტი გზა“.
„კავკასიაცენტრული საქართველო სამართლიანობის, ჭირთა თმენის და წესიერ ადამიანების უმრავლესობის საქართველოა, რომელიც მაგალითს მისცემს მთელს მსოფლიოს, როგორი უნდა იყოს ქვეყანა. ასეთი ქვეყნისთვის საფუძველშივე შეურაცხმყოფელია ვიღაცისნაირობაზე მითითება, ვიღაცის კავშირში მიღება-არმიღებაზე ხვეწნა და ასეთი ქვეყნის გარეშემო აკინძულ და აღორძინებულ რეგიონში აქეთ უნდა იხვეწებოდნენ ქვეყნები ჩვენ მიგვიღეთ თქვენს გუნდშიო.
ეს არის საქართველოს ურანოპოლიტიკური მისია, რომელიც მან გეოპოლიტიკაში უნდა განახორციელოს. სხვა ყველაფერი უკადრისი და დამაკნინებელია ჩვენი ქვეყნისთვის.
ამაზე ოცნებობდნენ თავიანთ ყველაზე გაბედულ და ბრწყინვალე აზროვნებაში ჩვენი ქვეყნის მეფეები და მამები, მისკენ ისწრაფოდნენ და ამ მიზანს სწირავდნენ თავიანთ სიცოცხლეს. ეს მამოძრავებს მათ შორის მეც და ჩემს მეგობრებსაც და ამაში ვეპატიჟებით მთელს ერს.
ამიტომ არა მიმდინარე „ნაც-ქოცურ“ ტილაობას! არა „ქოცების“ ლიბერალურ ჭაობში ჩარჩენას! არა „ნაცების” ლიბერალურ ტირანიაში დაბრუნებას! გაუმარჯოს ჩვენს ერს, დამოუკიდებელს, კავკასიის ერთგულს, მშრომელს და მეოჯახეს. ამისთვის შეიქმნა ჩვენი საზოგადოებრივი მოძრაობა - „ერთობა, რაობა, იმედი“, შემოკლებით „ერი“, ამისთვის გადაკეთდება პოლიტიკურ პარტიად, როგორც კი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება”, – ამბობს ვასაძე.