weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ერთი თვითკრიტიკული რამ არ არის, რაზეც იტყვით, რომ აი, ამის გამო დაგვახარვეზეს? – ელისაშვილი

18:31 ოთხშაბათი, 22 ივნისი 2022

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა პარლამენტში პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალექსანდრე ელისაშვილმაც გააკრიტიკა. მან რამდენიმე საკითხსა და ასპექტზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, პოლიტიკურ პოლარიზაციაზე, დეოლიგარქიზაციასა და მოსამართლეებზე.

„იმ დალოცვილმა ხალხმა, რომელსაც ვეხვეწებით, მიგვიღეთო, გვითხრა, პოლარიზაცია შეამცირეთ, ანუ ზიზღს ნუ აფრქვევთ ერთმანეთის მიმართო და რა ვნახეთ? არც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მომეწონა, მაგრამ თქვენ პრემიერ-მინისტრი ხართ - შეიძლება კიდევ ასე ზიზღით ლაპარაკი? ზეგ უნდა გვითხრან, ვართ მაჩანჩალა ქვეყანა თუ ვართ იმ სამეულში, ასრულდება ჩვენი წინაპრების ნატვრა, თუ არა. ისტორიული მომენტი გვიდგას წინ. 3000 წლის მანძილზე, რაც საქართველო სახელმწიფოა, ასეთი მომენტი არასოდეს გვქონია და აი, ამის, რასაც ისედაც ვუსმენთ და ვუყურებთ, ამის გამო უნდა დავკარგოთ ეს ყველაფერი?

ყველაფერი დააბრალეთ ოპოზიციას, კარგი, ბატონო. ერთი თვითკრიტიკული რამ არ არის, რაზეც შეგიძლიათ გვითხრათ, რომ აი, ამის გამო დაგვახარვეზეს, იმიტომ, რომ ეს ჩვენმა მთავრობამ ვერ გავაკეთეთ? მეეჭვება, ხაზარაძის გამო ეთქვათ დეოლიგარქიზაციაო.

გეკითხებით - გასაგებია, რომ ბიძინა ივანიშვილი გიყვართ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არის? ერევა თუ არა გადაწყვეტილების მიღების პროცესში? მარტივად რომ გვითხრათ.

კეზერაშვილს რომ ამბობთ, ნაძარცვი ფულიო. კი, ჯარი გაძარცვა. იცით ჩემი დამოკიდებულება კეზერაშვილისადმი - ნარკოტიკებმიღებული დარბოდა ომის დროს და ასეთი კაცი 10 წელია, რატომ ცხოვრობს არხეინად ნაძარცვი ფულით. აქ თქვენს პასუხისმგებლობას არ გრძნობთ?

300 000 კაცს რომ აქვს ციხე გამოვლილი სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ის მოსამართლეები და პროკურორები რატომ დააწინაურეთ? ეს არის ჩემი ყველაზე დიდი იმედგაცრუება თქვენი ხელისუფლებისადმი. მურუსიძე ლევანი, ვინც იმ გადაწყვეტილებებს იღებდა, რატომ დააწინაურეთ? ჩინჩალაძე და კიდევ სხვები?“, – განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.

პარლამენტში გამოსვლის დროს ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ როგორც უკრაინა, ისე მოლდოვა, საქართველოს „ბევრი მიღწევის და პარამეტრის მიხედვით“ ჩამორჩებიან და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის არ მინიჭებით საქართველო იმის გამო ისჯება, რომ ჩვენს ქვეყანაში ომი არ არის. გარდა ამისა, მან ოპოზიციის წევრებიც დაადანაშაულა, მათ შორის, სალომე სამადაშვილი „ქვეყნის მოღალატედ“ გამოაცხადა და აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, არ სურდა და არ სურს, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილი „ყველაზე დიდი ქველმოქმედია, რომელიც ქართველს ახსოვს“, ოლიგარქები კი მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, დავით კეზერაშვილი და სააკაშვილის დედა, გიული ალასანია არიან.

17 ივნისს ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, არ გაუწია რეკომენდაცია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე და მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე ქვეყანას მხოლოდ წევრობის პერსპექტივა უნდა მიეცეს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველომ რიგი პირობები უნდა შეასრულოს და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება განხილული კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 პირობას შორისაა დეოლიგარქიზაციის ვალდებულების შესრულება და პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულებაც. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო, 23-24 ივნისს მიიღებს. საბჭო დიდი ალბათობით გაითვალისწინებს ევროკომისიის მოსაზრებებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]