weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

„ეს საქართველო არ არის“ – პრეზიდენტის გზავნილი ბრიუსელს ღარიბაშვილის გამოსვლის შემდეგ

18:57 ოთხშაბათი, 22 ივნისი 2022

„მგონი, მთელი მოსახლეობა, ვინც მოუსმინა, გაოგნებულია დღევანდელი დღით. მეც ვარ გაოგნებული და მინდა აქედან ბრიუსელში გავაგზავნო სხვა გზავნილი, რომ ეს არ არის საქართველო, ეს არ არის საქართველოს მოსახლეობის ნება, ეს არ ვიცი, რას წარმოადგენს – ნებსით ხდება თუ უნებლიედ. ამ ყველაფერზე პასუხი აღარ მაქვს“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას პარლამენტში.

ზურაბიშვილის თქმით, ის შეშფოთებულია იმით, რაც დღეს პარლამენტში მოისმინა. მისი შეფასებით, საკანონმდებლო ორგანოში ნახა იმის საწინააღმდეგო, რაც საზოგადოებამ 20 ივნისს აჩვენა.

„საზოგადოებამ აჩვენა თავშეკავება, ზრდილობა, ერთმანეთის პატივისცემა. პარლამენტმა საპირისპირო აჩვენა – დაპირისპირება, ლანძღვა, ერთმანეთის გაუტანლობა, ერთმანეთის არმოსმენა – მოკლედ ყველაფერი, რაც შეიძლებოდა გვეჩვენებინა ჩვენი უარყოფითი სახის შესახებ, დღეს ვაჩვენეთ.

ამას დაემატა პრემიერის გამოსვლა, რომელიც, არ ვიცი... თუ რამე გამოსვლა შეიძლებოდა ყოფილიყო, რომელიც ბრიუსელისკენ ნეგატიურ სურათს და გზავნილს გაგზავნიდა – რომ ჩვენ ყველაზე კარგები ვართ, თურმე, ყველაფერი კარგად გავაკეთეთ, არაფერი არ გვიჭირს, ვართ ბევრად უკეთესები, ვიდრე თქვენი უკრაინა და მოლდოვა, ვერ გავიგეთ, რატიმ არიან ისინი ჩვენზე წინ – ერთადერთი ალბათ იმიტომ, რომ თქვენ ომი გინდათ და ჩვენ ომი არ გვინდა. ანუ აბსურდი და ძალიან შეურაცხმყოფელი თავისი შინაარსით.

როცა ჩვენი პარტნიორებისგან ელოდები ესოდენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, როგორც მინიმუმი, მიგეთხოვება ორი რამ: ერთი, რომ შენი ხალხის ხმა გაიგო, რაც, ზოგადად, ნებისმიერ ხელისუფლებას მოეთხოვება; მეორე – გაიგო შენგან რას ელოდება ის პარტნიორების თავშეყრა, რომელიც ზეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.

ისინი ელოდებოდნენ ერთ მარტივ, ძალიან მარტივ რამეს, რომ გამოთქმულიყო პოლიტიკური ნება, რომ კი, ჩვენ წავიკითხეთ რეკომენდაციები, გავაანალიზებთ – ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერს ასე თავისთავად მივიღებთ, მაგრამ მზად ვართ, რომ ყველა ერთად არა პოლარიზებულად და დაპირისპრებით, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ წლის ბოლოს შევასრულოთ ის, რაც არის ჩვენს მიმართ გზავნილი, რომ თუ გადადგამთ რამდენიმე ნაბიჯს და პოლიტიკური ნება გამოჩნდბეა, თქვენც მიიღებთ კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.

პარლამენტში გამოსვლის დროს ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ როგორც უკრაინა, ისე მოლდოვა, საქართველოს „ბევრი მიღწევის და პარამეტრის მიხედვით“ ჩამორჩებიან და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის არ მინიჭებით საქართველო იმის გამო ისჯება, რომ ჩვენს ქვეყანაში ომი არ არის. გარდა ამისა, მან ოპოზიციის წევრებიც დაადანაშაულა, მათ შორის, სალომე სამადაშვილი „ქვეყნის მოღალატედ“ გამოაცხადა და აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, არ სურდა და არ სურს, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილი „ყველაზე დიდი ქველმოქმედია, რომელიც ქართველს ახსოვს“, ოლიგარქები კი მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, დავით კეზერაშვილი და სააკაშვილის დედა, გიული ალასანია არიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]