weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

EU-ში საქართველოს ყოფილი ელჩი: ხელისუფლება ანტიევროპულ ნარატივებს ავრცელებს

17:47 ხუთშაბათი, 23 ივნისი 2022

ნატალი საბანაძე, რომელიც 2013-2021 წლებში საქართველოს ელჩი იყო ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში და ევროკავშირში საქართველოს მისიას ხელმძღვანელობდა, აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ანტიევროპულ რიტორიკას აწარმოებს.

საბანაძის თქმით, ძალიან დამაზიანებელია სპეკულაცია, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი გეოგრაფიული მდებარეობის გამო არ მიანიჭეს.

„საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარებულია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პერსპექტივას არ აღიარებდნენ საქართველოს გეოგრაფია რომ დაეწუნებინათ. ეს არ მოხდებოდა, 49-ე მუხლი არ გავრცელდებოდა საქართველოზე. ერთ-ერთი წინაპირობაა, რომ ქვეყანა გეოგრაფიულად ევროპაში უნდა იყოს. ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებაშიც გვიწერია, რომ ვართ აღმოსავლეთევროპული ქვეყანა. ასე რომ, ამაზე კითხვები არ არის და ჩემი აზრით, საოცრად დამაზიანებელია ამაზე სპეკულირება“, – განაცხადა საბანაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

მისი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების ანტიევროპული რიტორიკის ნაწილია არა მხოლოდ ის, რომ „გარკვეული ევროპარლამენტარები მიზანში არიან ამოღებული“, არამედ ის განცხადებებიც, რომ „საქართველო უსამართლოდ დაიჩაგრა და დაიჩაგრა იმიტომ, რომ ევროკავშირს და მის უკან მდგომ შეერთებულ შტატებს ქვეყნის ომში ჩათრევა უნდათ“.

„ეს არის პირდაპირ ანტიევროპული პროპაგანდა, რომელიც ძალიან აზიანებს ქვეყანაში შესაბამის განწყობებს.

პარადოქსულია, რომ ამ ნარატივის გავრცელება ხდება ხელისუფლების მხრიდან. პირველ რიგში, რისი გაკეთებაც არის აუცილებელი, არის ის, რომ ეს შეიცვალოს. არავის უნდა საქართველოს ომში ჩათრევა, მით უმეტეს, ევროკავშირს“, – აღნიშნა საბანაძემ.

მისი თქმით, დღეს ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებისგან სწორ გზავნილებს ელის.

„ბრიუსელს ძალიან კარგად ესმის, რომ ექვს თვეში ქვეყანა ვერ აყირავდება თავიდან ბოლომდე და შეიძლება, ბოლომდე ვერ მივიდეს ის რეფორმები, რასაც ელიან, მაგრამ უნდა დაიწყოს და დაწყებას წინ უნდა უძღოდეს სწორი გზავნილები, რომ არის ამისი სურვილი, პოლიტიკური ნება – სწორედ ის, რასაც დღეს უკრაინა და მოლდოვა აკეთებენ.

დღეს დიპლომატია უნდა მუშაობდეს. სამწუხაროდ, არ ვგზავნით ასეთ გზავნილებს. ჩემი განწყობა ასეთია, რომ რეალურად, ხელის შეშლა ხდება. ბოლო ერთი თვის განმავლობაში რაც ხდება, დაწყებული ნიკა გვარამიას დაკავებით, მიდის, ჩემი აზრით, სისტემატური ხელის შეშლა.

მე მჯერა, რომ რომ ყოფილიყო, თუნდაც ივანიშვილის პირობებში, ორი წლის წინანდელი საქართველო, ჩვენ კანდიდატის სტატუსს მივიღებდით. გაუარესებულაი სიტუაცია ამ ორი წლის განმავლობაში, თუნდაც კომუნიკაციის დონეზე, რეფორმების უკუსვლის დონეზე, დემოკრატიის ხარისხის დონეზე, მედიის თავისუფლების მიმართულებით. კი გაიძახიან, რომ არის პარალელური მედიები და ოპოზიციური მედია, მაგრამ ეს არ არის თავისუფლება. თავისუფლებაა, როდესაც მე შევძლებ „იმედში“ მისვლას, „პირველ არხში“ მისვლას; როდესაც ღიაა სივრცე და არა პოლარიზებული. ეს არის ის კოპენჰაგენის კრიტერიუმის პოლიტიკური ნაწილი, რომელიც გადამწყვეტია“, – აღნიშნა ნატალი საბანაძემ.

დღეს და ხვალ ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტი იმართება, სადაც ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფო კონსენსუსის საფუძველზე მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

ევროპული საბჭო დიდი ალბათობით გაითვალისწინებს ევროკომისიის დასკვნას. 17 ივნისს, ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, არ გაუწია რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე და მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე ქვეყანას მხოლოდ წევრობის პერსპექტივა უნდა მიეცეს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველომ რიგი პირობები უნდა შეასრულოს და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება განხილული კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი.

ევროკომისიის მიერ დასახელებულ 12 პრიორიტეტს/პირობას შორის არის პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება, სასამართლო რეფორმის გატარება, დეოლიგარქიზაცია, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა და სხვა. ევროკომისია მონიტორინგს გაუწევს საქართველოს პროგრესს ამ პრიორიტეტების განხორციელების პროცესში და 2022 წლის ბოლოსთვის საკუთარ ანგარიშს წარმოადგენს.

 

ამ თემაზე:

ევროპარლამენტი: აუცილებელი რეფორმების შემდეგ საქართველოც უნდა გახდეს კანდიდატი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]