დღევანდელ ბრიფინგზე ჟურნალისტმა კობახიძეს ტელეკომპანია „პირველის“ გადამღებ ჯგუფზე დღეს მომხდარი თავდასხმის შესახებ აცნობა და ჰკითხა, გრძნობს თუ არა ამაზე პასუხისმგებლობას. ჟურნალისტმა მმართველი პარტიის თავმჯდომარეს შეახსენა, რომ დღემდე არ არის დასჯილები 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები.
„თქვენ იცით, რომელიმე ორგანიზატორის სახელი და გვარი, რომელიც უნდა დასჯილიყო და არ დაისაჯა? ერთი სახელი და გვარი მითხარით. რა გააკეთა, პირობითად, მორგოშიამ? ეს სამართლებრივი ორგანოების პრეროგატივაა, მაგრამ იმ სტანდარტით რომ წავყვეთ გამოძიებას, რა სტანდარტიც თქვენ გინდათ - საუბარია მორგოშიას და მახარაძის დასჯაზე, ხომ? მაშინ, გამოვა, რომ ოპოზიციიდან ნახევარი პოლიტიკური სპექტი დასაჭერი იქნება.
მორგოშია რომ იყოს სისხლის სამართლის სტანდარტით დასაჭერი, აქამდე დაიჭერდნენ. მე ასე მგონია. ჩემი პრეროგატივა ეს არ არის, მაგრამ ასე იქნებოდა.
არსებობს სისხლის სამართალი და სისხლის სამართალს აქვს თავისი მტკიცებულების სტანდარტი: უნდა დგინდებოდეს, რომ ვიღაცის გამონათქვამს აქვს მიზეზობრვი კავშირი შემდეგ ძალადობასთან“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, მორგოშიას მიერ ნათქვამ „დავიძრათ „სირცხვილიას“ ოფისისკენ“ და ოფისის დარბევას შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი არ არსებობს. ირაკლი კობახიძის აზრით, სხვა შემთხვევაა ნიკა მელიას საქმე – ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ბრალად 2019 წლის 20-21 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს, პარლამენტის შენობის წინ ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის წარუდგინეს ბრალი.
„ნიკა მელიამ პირდაპირ მოუწოდა პარლამენტში შესვლისკენ - ეს სხვა შემთხვევაა. იქ საუბარი იყო იმაზე, რომ ხალხი უნდა დაძრულიყო „სირცხვილიას“ ოფისისკენ, ყოველგვარი მოწოდების გარეშე. მასეთი მილიონი მოწოდება არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ, მაგალითად, აქციის მონაწილეები უნდა დაიძრან „ქართული ოცნების“ ოფისისკენ, მაგრამ მიზეზობრივი კავშირი თუ არ არის ამ მოწოდებას და შემდეგ ძალადობას შორის, თუ არ დგინდება, რომ ამ მოწოდებას მოჰყვა შემდეგ ძალადობა და ამ მოწოდების მიზანი იყო ძალადობა...ლოგიკურად ხომ შეგიძლიათ იაზროვნოთ? მაგალითად, პარლამენტთან იმართება აქცია და აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი აცხადებს, რომ ახლა უნდა ჩავიდეს ხალხი „ქართული ოცნების“ ოფისთან და მერე აქ ვიღაცები ძალადობენ პარტიის წარმომადგენლებზე. ის მოწოდება კავშირშია ძალადობასთან? არა, რა თქმა უნდა.
შეიძლება იურისტები არ ხართ, მაგრამ ლოგიკა ხომ გაქვთ?“, – უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს.
2021 წლის 5 ივლისს, თბილისში, საქართველოს საპატრიარქოს და ჰომოფობიური ჯგუფების მოწოდებით „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების – „ღირსების მარშის“ ჩატარების წინააღმდეგ აქცია გაიმართა, რაც მედიის წარმომადგენლების, სამოქალაქო აქტივისტებისა და გამვლელების მიმართ ძალადობაში გადაიზარდა. ძალადობის მსხვერპლი გახდა 53 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი. მათგან რამდენიმე მძიმედ დაშავდა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. მათ შორის იყო 36 წლის ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც ჰომოფობიურად განწობილი ჯგუფი თავს მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში დაესხა და სასტიკად სცემა. ლაშქარავა საავადმყოფოდან 8 ივლისს გაწერეს, 11 ივლისის დილას კი საკუთარ სახლში ნახეს გარდაცვლილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება დღემდე არ დაუსრულებია, თუმცა მედიაში გავრცელდა სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის ფრაგმენტი, რომლის მიხედვითაც ლაშქარავას სიკვდილის მიზეზი „ჰეროინით“ ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა გახდა.
ამ თემაზე:
ოპერატორ ლექსო ლაშქარავას ცემის საქმეზე დაკავებულებს 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯათ