weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ოპერატორ ლექსო ლაშქარავას ცემის საქმეზე დაკავებულებს 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯათ

18:52 ორშაბათი, 04 აპრილი 2022

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2021 წლის 5 ივლისს, ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნლისტ მირანდა ბაღათურიასა და ოპერატორ ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას მიმართ ძალადობაში ბრალდებული ექვსივე პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და მათ 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ელიეშვილმა მიიღო.

აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულები იყვნენ დავით კუტალაძე, ოთარ გელაშვილი, ცოტნე ჩიხლაძე, გია გიგუაშვილი, თირნიკე დავლაშერიძე და აკაკი ნაკაშიძე. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

„დიდი ხანი ველოდი ამ გადაწყვეტილებას და იმედი მქონდა, რომ ლექსოს ცემისთვის ყველაზე მეტს მიუსჯიდნენ. ჩვენი წილი და ჩვენი, ჟურნალისტების წილი სამართლიანობა, მე მგონია, რომ ამ ეპიზოდში აღდგა. არავის ციხეში ჯდომა არ მიხარია, მაგრამ ეს ადამიანები ციხეში უნდა იყვნენ იმისთვის, რომ ხვალ რომ გადაღებაზე გავალთ, არცერთ ჩვენგანს ერთი თმის ღერიც კი არ ჩამოუვარდეს“, – განაცხადა ჟურნალისტმა მირანდა ბაღათურიამ.

2021 წლის 5 ივლისს, თბილისში, საქართველოს საპატრიარქოს და ჰომოფობიური ჯგუფების მოწოდებით „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების – „ღირსების მარშის“ ჩატარების წინააღმდეგ აქცია გაიმართა, რაც მედიის წარმომადგენლების, სამოქალაქო აქტივისტებისა და გამვლელების მიმართ ძალადობაში გადაიზარდა. ძალადობის მსხვერპლი გახდა 53 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი. მათგან რამდენიმე მძიმედ დაშავდა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. მათ შორის იყო 36 წლის ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც ჰომოფობიურად განწობილი ჯგუფი თავს მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში დაესხა და სასტიკად სცემა.

ლაშქარავა საავადმყოფოდან 8 ივლისს გაწერეს, 11 ივლისის დილას კი საკუთარ სახლში ნახეს გარდაცვლილი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპერატორის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გამოძიება დღემდე არ დასრულებულა. 2022 წლის 7 იანვარს მედიით გასაჯაროვდა ალექსანდრე ლაშქარავას საქმეზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის ფრაგმენტი, რომლის მიხედვითაც ლაშქარავას სიკვდილის მიზეზი „ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინით“ ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა“ გახდა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, დასკვნის მიმართ ნდობას ამცირებს ის ფაქტი, რომ საჯარო შეთავაზების მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ექსპერტიზაში საერთაშორისო ექსპერტები არ ჩართო.

 

ამ თემაზე:

UNESCO-მ ლექსო ლაშქარავა მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]