„საერთო სახალხო მოძრაობის მოთხოვნაა ივანიშვილის მთავრობის გადადგომა, რომლის ფორმალური პრემიერი ღარიბაშვილია. შესაბამისად, მთავრობა რომ გადადგეს, უნდა გადადგეს ღარიბაშვილი. საერთო სახალხო მოძრაობის მოთხოვნით, ივანიშვილმა ახალი, ოლიგარქის მიერ კონტროლირებადი მთავრობა კი არ უნდა წარმოადგინოს, არამედ უნდა აირჩეს ეროვნული თანხმობის მთავრობა. ეროვნული თანხმობის მთავრობა, არის დროებითი. ის ასრულებს ევროკომისიის დასკვნით გაწერილ 12 რეკომენდაციას (ამ რეკომენდაციებში არის პოლიტიკური დევნის შეწყვეტა), რათა დეკემბერში მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატობა. ის არის გარდამავალი“, – წერს სოციალურ ქსელში ნიკა მელია.
მისი თქმით, როდესაც საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, პროცესი „საარჩევნო გარემოში უნდა გაგრძელდეს, მათ შორის ახალი არჩევნებით.“
„საერთო სახალხო მოძრაობის შეთანხმების შესაბამისად, ეროვნული თანხმობის მთავრობაში არ იქნებიან მოქმედი პოლიტიკოსები და არც ამჟამად აქტიური სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. მისი წევრები უნდა იყვნენ კონკრეტული დარგის აღიარებული სპეციალისტები - საერთაშორისო აღიარებითა და მაღალი საზოგადოებრივი რეპუტაციით.
ეროვნული თანხმობის მთავრობის ლეგიტიმაციის წყარო არის კონსენსუსი და მხარს უნდა უჭერდეს საერთო სახალხო მოძრაობაც, ოპოზიციაც და დათანხმდეს ივანიშვილიც.
ივანიშვილმა უნდა დათმოს აღმასრულებელი ძალაუფლება. ეს მნიშვნელოვანია კანდიდატობის მისაღებად (პირდაპირ წერია დეოლიგარქიზაცია) და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად მნიშვნელოვანია“, – აღნიშნავს ნიკა მელია.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თქმით, ახალ სამთავრობო გეგმას „ევროკავშირისთვის“ უნდა ერქვას და მას პარლამენტმა ნდობა პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის დამტკიცებისას უნდა გამოუცხადოს.
24 ივნისს, პარლამენტის წინ, მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ ორგანიზებული აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართა. აქციის მონაწილეთა მთავარ მოთხოვნად დასახელდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა, რომელიც ზამთრამდე ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ 12-ვე პირობას შეასრულებს. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას ერთკვირიანი ვადა მისცეს და მორიგი აქცია 3 ივლისს დააანონსეს.