სოციალირ ქსელში დიღმელაშვილი წერს, რომ ასეთი მთავრობა კონსენსუსის საფუძველზე უნდა შეიქმნას და მისი ერთადერთი მიზანი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება იყოს.
„ხაზი უნდა გაესვას, რომ არცერთი ადამიანი, ვინც საერთო სახალხო მოძრაობის სახელით საზოგადოებას ვესაუბრებით, არ ვიბრძვით სკამებისთვის. ჩვენ ვიბრძვით არა ჩვენი, არამედ ხალხის ძალაუფლებისთვის. იმისთვის, რომ ჩვენი მთავრობა ჩვენ წარმოგვადგენდეს და არა ოლიგარქს.
ეროვნული ერთობის მთავრობის წევრები შეირჩევიან სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური და სახელისუფლებო პარტიების კონსენსუსით, რათა დაიძლიოს პოლარიზაცია. ეროვნული თანხმობის მთავრობაში არ უნდა შედიოდნენ არც სახალხო მოძრაობის სახეები, არც მოქმედი პოლიტიკოსები.
ეროვნული ერთობის მთავრობა უნდა იყოს მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე დარგობრივი სპეციალისტების დროებითი ერთობა, შექმნილი ერთადერთი მიზნით - მშვიდობიანად და აუცილებელი რეფორმებით ატაროს ქვეყანა ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებელი ვადის მანძილზე“, – წერს დიღმელაშვილი.
24 ივნისს, პარლამენტის წინ, მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ ორგანიზებული აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართა. აქციის მონაწილეთა მთავარ მოთხოვნად დასახელდა ერთი კვირის ვადაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა, რომელიც ზამთრამდე ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ 12-ვე პირობას შეასრულებს. მანამდე, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს. აქციის მოთხოვნები „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა უკვე შეაფასეს როგორც „არარეალური“ და „არაკონსტიტუციური“.