weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ხან მოვითმენთ, ხან აღმოჩნდა, რომ ვერ მოვითმინეთ – წულუკიანი

16:21 პარასკევი, 01 ივლისი 2022

„ალბათ არავის წარმოუდგენია, რომ მიღებაზე, სადაც მშვიდობიანი გარემოა, საკანონმდებლო ორგანოს წევრი, რომელ პარტიასაც არ უნდა წარმოადგენდეს ის, უმიზეზოდ ასე ვთქვათ, ჩაებმება რაღაცა ტიპის შეხლა-შემოხლაში. როგორც ჩანს, საქმე გვაქვს უმძიმეს პროვოკაციასთან“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა და კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა აშშ-ის საელჩოში გუშინ მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.

წულუკიანის თქმით, მეტი სიფრთხილეა საჭირო, რადგან „აგონიაში მყოფი ძალა იკადრებს ყველაფერს ინდივიდუალურ და სახელმწიფო დონეზე“.

„ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები, ამიტომაც თითოეულმა ადამიანმა, განსაკუთრებით პოლიტიკაში მყოფმა პირებმა, რაც არ უნდა ძნელი იყოს, გამოვიჩინოთ მეტი მოთმინება, მაგრამ ჩვენც ადამიანები ვართ და ხან მოვითმენთ, ხან აღმოჩნდა, რომ ვერ მოვითმინეთ. ხან მოვითმენთ არის შემთხვევების 99.9%-ში და ათი წელია, მოთმინებით ვართ დაკავებული. ადამიანი ხარ და ხანდახან შეიძლება, ვერ მოითმინო“, – განაცხადა წულუკიანმა.

გუშინ, 30 ივლისს, ტელეკომპანია „პირველის“ მფლობელმა, ვატო წერეთელმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ აშშ-ის სალეჩოს ტერიტორიაზე, სადაც ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ასობით ადამიანი იყო შეკრებილი.

დეპუტატ ანრი ოხანაშვილის მტკიცებით, ვატო წერეთლის მხდიდან ადგილი ჰქონდა „უბინძურეს, სიბილწის ყოველგვარ ზღვარს გადასულ სიტყვებს და ქცევას“.

„როდესაც მასთან მივედი, ვეკითხებოდი, როგორ გაბედა და რატომ გაბედა ამდენი რამ, რასაც მისი მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაქცია, რაზეც მიიღო პროპორციული პასუხი“, – აღნიშნავს პარლამენტის წევრი.

ვატო წერეთელი აშშ-ის საელჩოსგან კადრების გასაჯაროებას ითხოვს და აცხადებს, რომ დეპუტატებმა პასუხი უნდა აგონ.

„რა უნდა მეთქვა ისეთი ანრი ოხანაშვილისთვის, რომ ხუთი დეპუტატი მოსულიყო და ამერიკის საელჩოში ფიზიკურად გასწორება დაეწყო. მე ჩემი მოსაზრება მაქვს. პარლამენტის ინციდენტი რომ იყო რამდენიმე თვის უკან, ალბათ იქიდან ჰქონდა რაღაც გულში ჩადებული. ლექსო ლაშქარავა რომ გარდაიცვალა, მაშინ მივედი და ადამიანებს პასუხს ვთხოვდი, მაშინ მქონდა შელაპარაკება“, – აცხადებდა წერეთელი.

მან ინციდენტში მონაწილე დეპუტატებს შორის დაასახელა ირაკლი ზარქუა, ბექა ოდიშარია და ლევან მგალობლიშვილიც. ტელეკომპანია „პირველის“ აღმასრულებელი დირექტორი, ნანა აბურჯანიძე იხსნებს, რომ წერეთელს ოხანაშვილმა და მგალობლიშვილმა დაარტყეს.

 

ამ თემაზე:

ოხანაშვილმა მე კი არა, მთელ საელჩოს და ამერიკას გაარტყა ხელი – წერეთელი

ოდიშარია: აბსურდია რომ 4 დეპუტატი დაორგანიზდა და ერთ კაცზე ანგარიშსწორებაში მიღო მონაწილეობა

პროვოკაციას ყოველთვის ასეთი ადეკვატური პასუხი გაეცემა – დეპუტატი მგალობლიშვილი

ვატო წერეთელმა მიიღო ის პასუხი, რომელსაც იმსახურებდა – ანრი ოხანაშვილი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]