weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კახეთის ყოფილი გუბერნატორის მამამ ერთ თვეში 14 მიწის ნაკვეთი იყიდა, 134 ჰექტარი კი იჯარით გაიფორმა

11:21 სამშაბათი, 24 იანვარი 2017

კახეთის ყოფილი გუბერნატორისა და ამჟამად საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი შიოლაშვილის მამამ - გენადი შიოლაშვილმა მხოლოდ ერთ თვეში - 2016 წლის ნოემბერში, - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, შირაქში მდებარე 14 მიწის ნაკვეთი იყიდა, რაშიც 50 000 ლარი გადაიხადა. მასვე 2016 წლის აგვისტო-სექტემბერში იჯარის უფლებით გადაეცა 134 ჰექტარი სახნავი მიწის ფართობი.

ირაკლი შიოლაშვილი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნმებულის - გუბერნატორის თანამდებობაზე 2013 წლის 13 დეკემბერს დაინიშნა და 2016 წლის 9 სექტემბრამდე მუშაობდა. მანამდე იგი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი იყო. გუბერნატორის თანამდებობიდან გადადგომა მას საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გამო მოუხდა. ირაკლი შიოლაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნების“ წარდგენით, სიღნაღი-დედოფლისწყაროს №25 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან გახდა.

საინფორმაციო ცენტრების ქსელმა გამოარკვია, რომ, კახეთის გუბერნატორის თანამდებობიდან ირაკლი შიოლაშვილის გათავისუფლების შემდეგ, მისმა მამამ - გენადი შიოლაშვილმა მხოლოდ ერთ თვეში - 2016 წლის ნოემბერში, - საკუთრების უფლებით შეიძინა დედოფლისწყაროში, შირაქში მდებარე 14 ერთეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელთა ფართობი საერთო ჯამში შეადგენს 20,4 ჰექტარს, ხოლო მასში გადახდილი თანხა - თითქმის 50 000 ლარს.

ეს ნაკვეთებია:

- 90 000 მ2 (საკადასტრო კოდი - 52.11.37.088);

- 10 305 მ2 (საკადასტრო კოდი - 52.25.31.053);

- 4 987 მ2 (საკადასტრო კოდი - 52.25.31.051);

- 9 790 მ2 (საკადასტრო კოდი - 52.25.31.003);

- 10 202 მ2 (საკადასტრო კოდი - 52.25.31.056);

- 6 897 მ2 (საკადასტრო კოდი - 52.25.31.054);

- 7 502 მ2 (საკადასტრო კოდი - 52.25.31.052);

- 7 503 მ2 (საკადასტრო კოდი - 52.25.31.055);

- 11 193 მ2 (საკადასტრო კოდი - 52.25.31.040);

- 9 506 მ2 (საკადასტრო კოდი - 52.25.31.039);

- 5 995 მ2 (საკადასტრო კოდი - 52.25.31.046);

- 10 991 მ2 (საკადასტრო კოდი - 52.25.31.044);

- 8 292 მ2 (საკადასტრო კოდი - 52.25.31.041);

- 10 703 მ2 (საკადასტრო კოდი - 52.25.31.042).

ამასთანავე, გენადი შიოლაშვილმა 2015 წლის 5 ოქტომბერს იყიდა სოფელ ოზაანში („თეფა“) მდებარე 24 ჰექტარი სახნავი მიწაც (საკადასტრო კოდი - 52.52.31.012), რაშიც დაახლოებით 25 000 ლარი გადაიხადა.

ამრიგად, ყოფილი გუბერნატორისა და ამჟამად პარლამენტის წევრის მამის მიერ შეძენილი უძრავი ქონების ღირებულებამ საერთო ჯამში, 75 000 ლარი შეადგინა.

გარდა ამისა, 2016 წლის აგვისტო-სექტემბერში გენადი შიოლაშვილმა იჯარის 6 ხელშეკრულება გააფორმა შპს „მცენარეული ზეთების კორპორაცია“-სთან და შპს „მცენარეული ზეთების კომპანია ქარვა“-სთან, რის საფუძველზეც მან სარგებლობის უფლებით მიიღო ასევე შირაქში მდებარე 134 ჰექტარი სახნავი დანიშნულების მიწა. აღსანიშნავია, რომ ორივე კომპანიის მესაკუთრეა ყოფილი პარლამენტარის, ხობის მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას ქალიშვილი - ნათია ბუკია.

აღსანიშნავია, რომ ირაკლი და გენადი შიოლაშვილების საცხოვრებელი ადგილის მისამართი ერთი და იგივეა - ქალაქი დედოფლისწყარო, თბილისის ქუჩა №14. მიუხედავად ამისა, ირაკლი შიოლაშვილის არცერთ ქონებრივ დეკლარაციაში ოჯახის წევრებს შორის მამა მოხსენიებული არ არის, ხოლო მისამართის გრაფაში არა საცხოვრებელი სახლის, არამედ მხოლოდ სამსახურის ადგილსამყოფელია მითითებული.

საინფორმაციო ცენტრების ქსელი გენადი შიოლაშვილის საქმიანობითაც დაინტერესდა. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ყოფილი გუბერნატორის მამა 2012 წლის 31 აგვისტოდან ინდმეწარმედ არის დარეგისტრირებული, - მისი ბიზნესის სფეროს მაღაზია წარმოადგენს. გარდა ამისა, იგი საკონსულტაციო საქმიანობას ეწევა - 2009 წლიდან არის შპს „ექსპერტ-კონსულტანტის“ დირექტორი.

რაც შეეხება თვითონ ირაკლი შიოლაშვილს, გუბერნატორის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მან თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მდებარე 5 მიწის ნაკვეთი შეიძინა, რომელთა საერთო ფართობი 2 ჰექტარს შეადგენს (საკადასტრო კოდები - 53.03.33.041, 53.03.33.042, 53.03.33.043, 53.03.33.044 და 53.03.33.045). ხუთივე ნასყიდობის ხელშეკრულება 2015 წლის 29 იანვარს გაფორმდა, თუმცა ირაკლი შიოლაშვილს თავის ქონებრივ დეკლარაციებში არც ამ ხელშეკრულებებისა და არც გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაცია არ მიუთითებია. საინფორმაციო ცენტრების ქსელმა დაადგინა, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთებში ყოფილმა გუბერნატორმა დაახლოებით 10 000 ლარი გადაიხადა.

შეგახსენებთ, 2015 წლის 22 აპრილს კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება გუბერნატორის ოჯახის ბიზნესინტერესები ბიუჯეტის ხარჯზე და თანამდებობის გამოყენებით.

გამოძიებაში საუბარია კახეთის გუბერნატორის ოჯახის წევრების მიერ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სპეცტექნიკის და საბიუჯეტო ორგანიზაციის მუშების პირადი ინტერესებისთვის გამოყენებაზე; გუბერნატორის მამის გენადი შიოლაშვილის მიწის ნაკვეთში შპს „სერვისი 2007“–ის ერთ–ერთი მუშის ნუგზარ ჯინაშვილის გარდაცვალების ფაქტზე; ასევე, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კახეთის გუბერნატორის მამამ გენადი შიოლაშვილმა უკანონოდ დაისაკუთრა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში არსებული სახელმწიფო ქონება; გუბერნატორის დედა - მარინე ღვინიაშვილი კი დედოფლისწყაროს გამგეობის შენობაში არსებულ ფართს კომერციული მიზნით, უსასყიდლოდ იყენებდა წლების განმავლობაში.

 

ამ თემაზე:

ყოფილი გუბერნატორის ოჯახის „აღზევება“ – 300 ჰექტარი სახნავი მიწა მფლობელობაში

ირაკლი შიოლაშვილის მამამ კიდევ 275 000 კვ.მ სახნავი მიწა იყიდა

ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა ირაკლი შიოლაშვილს საქმე უზენაეს სასამართლოშიც მოუგო

 

გელა შაშიაშვილი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის ანალიტიკოსი, საჯარო მმართველობის მონიტორინგისა და ადამიანის უფლებების მიმართულების ხელმძღვანელი. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]