weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კობახიძე „ალტ ინფოს“ პარტიის აკრძალვაზე: ძირითად უფლებაში ჩარევის ყველაზე მძიმე ფორმაა

17:12 ოთხშაბათი, 06 ივლისი 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტია „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს“ აკრძალვის შესახებ სახალხო დამცველის მიერ საკონსტიტუციო სარჩელის მომზადება შეაფასა და თქვა, რომ პარტიის აკრძალვა ადამიანის ძირითად უფლებაში ჩარევის მძიმე ფორმაა. მან ნინო ლომჯარიას ინიციატივას „კომიკური“ უწოდა.

„სახალხო დამცველის ინიციატივას როგორც იურისტი შევაფასებდი: სახალხო დამცველი თავისი ფუნქციით არის მთავარი ადვოკატი, ანუ ეს არის მისი კონსტიტუციური ფუნქცია. ის არის ადვოკატი და ყოველ ჯერზე, მაშინაც კი, როდესაც საქმე ეხება მიუღებელ ადამიანს, მაგალითად, დამნაშავეს, ის უნდა აკვერდებოდეს იმას, რამდენად არის მისი უფლებები დაცული.

კომიკური რა არის – ამ შემთხვევაში საქმე ეხება პარტიის აკრძალვას. ეს არის ამ ძირითად უფლებაში – პარტიების თავისუფლება ადამიანის ძირითადი უფლებაა – ჩარევის ყველაზე მძიმე ფორმა. შეიძლება, ლეგიტიმური იყოს, მაგრამ ჩარევის მძიმე ფორმაა. ასეთ დროსაც სახალხო დამცველი უნდა გამოდიოდეს როგორც ადვოკატი. თუმცა,

სახალხო დამცველმა, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით ადვოკატია, თავის თავზე აიღო პროკურორის ფუნქცია, რაც სამართლებრივად ეწინააღმდეგება მის მანდატს. დანარჩენი არის მისი საქმე“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ არავითარი სიმპათიები არ აქვს „ამ გაერთიანების მიმართ“ და პირიქით, „ღია დაპირისპირებაა“.

„ჩვენ, ბუნებრვია, „ალტ ინფოს“ მიმართ არავითარი სიმპათიები არ გვაქვს, მით უმეტეს, რამდენიმე დღის წინ ოფისთან იყვნენ მოსული და გვაგინეს“, – თქვა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, როდესაც საქმე ეხება მოძალადე ჯგუფებს, პირველ რიგში „ნაციონალური მოძრაობა“ ახსენდება.

„მეტობის ნიშანს ვსვამ „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ. არავითარი ტოლობის ნიშანი. ტერიტორიების 20% და სტრატეგიული ობიექტები რუსეთს ჩააბარა არა „ალტ ინფომ“, არამედ „ნაციონალურმა მოძრაობამ“. შესაბამისად, „ნაცმოძრაობაზე“ მეტი რუსი არავინაა საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გუშინ, 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებიდან ერთი წლის თავზე, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ მოამზადა კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც „კანონო ქმედებების და ფართომასშტაბიანი ძალადობის ორგანიზატორი ჯგუფი“ მიერ შექმნილი პოლიტიკური პარტიის აკრძალვას ეხება. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ „ალტ ინფოს“ მრავალი განცხადება შეიცავს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ნიშნებს, აღვივებს სხვადასხვა ტიპის შუღლს, ახალისებს ძალადობას ან თავად შეიცავს ძალადობის ნიშნებს და წარმოადგენს ომის პროპაგანდას. სახალხო დამცველმა განმარტა, რომ სარჩელის პროექტი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლებამოსილების მქონე რამდენიმე სუბიექტს წარუდგინა და „იმედს იტოვებს, რომ მათ მიერ მოხდება სამართალწარმოების ინიცირება“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]