weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

Credit Suisse-მა ბიძინა ივანიშვილს ევროპარლამენტის რეზოლუციაზე მიუთითა

12:26 ხუთშაბათი, 07 ივლისი 2022

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ შვეიცარიული ბანკის Credit Suisse-ის მხრიდან ვალდებულებების „უპრეცედენტოდ უხეში და განგრძობადი“ დარღვევა ქართულ შიდა პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ Credit Suisse-თან დავაში ივანიშვილის ინტერესების დამცველი იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ აცხადებს.

კომპანიის განცხადებიდან ირკვევა, რომ შვეიცარიული ბანკი „კლიენტზე ზეწოლას“ აგრძელებს და რამდენიმე თვეა თანხების გადარიცხვის დავალებას არ ასრულებს.

„2022 წლის 5 ივლისს კლიენტმა მიიღო წერილი ბანკისგან, სადაც საუბარია ევროპული პარლამენტის იმ რეზოლუციაზე, რომლითაც მან მოუწოდა ევროპულ საბჭოს, განეხილა ბატონი ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება.

ბანკი განმარტავს, თითქოსდა, ხსენებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და რომ ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე.

საუბარია სასამართლოს იმ თანხმობაზე, რომლის მისაღებად პროცესის ინიცირება უკეთეს შემთხვევაში ამა წლის სექტემბერში თუ მოხდება, ხოლო მისი შედეგის დადგომა, ბანკის მეცადინეობით, ტრადიციულად, უსასრულოდ გაჭიანურდება“, – აცხადებს ივანიშვილის ინტერესების დამცველი იურიდიული ფირმა.

მათივე შეფასებით, ბანკის ეს გზავნილი „უპრეცედენტოა“ და „მსგავსი მოვლენა არათუ შვეიცარიის დონის, არამედ განვითარებადი სახელმწიფოებისთვისაც კი უცხო და შეუფერებელია“.

„აშკარაა, რომ ბანკის მენეჯმენტი თვითდაზიანების რეჟიმში იმყოფება და არად დაგიდევთ არათუ უშუალოდ ბანკის იმიჯს, არამედ ლახავს შვეიცარიული სახელმწიფოს ავტორიტეტსაც.

ბანკი თავის გზავნილში ეყრდნობა მარტოოდენ ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც, როგორც საზოგადოებისთვისაც კარგად არის ცნობილი, სარეკომენდაციო ხასიათისაა და არანაირ სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს.

ბანკის მითითება აბსტრაქტულ „რეგულატორულ ვალდებულებებზე“ უადგილოა მით უმეტეს, რომ ბანკმაც და საზოგადოებამაც კარგად უწყის, რომ ევროკავშირის არცერთმა აღმასრულებელმა ორგანომ: არც ევროკომისიამ და არც ევროპულმა საბჭომ არ გაიზიარა სანქცირების შესახებ რეკომენდაცია... მიუხედავად ამისა, ბანკი უბრუნდება ერთი თვის წინანდელ რეზოლუციას და მასზე, როგორც მოქმედ დოკუმენტზე ისე საუბრობს“, – აცხადებს „ემ ქეი დი“.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბანკის მოქმედებები ივანიშვილზე პოლიტიკური ზეწოლის მოხდენის მიზანს ემსახურება, „რომლის დეტალებზეც, საჭიროებისამებრ, თავად ისაუბრებს ბატონი ივანიშვილი“.

იურიდიული ფირმა განმარტავს, რომ ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-ის სატრასტო კომპანიებისთვის მინდობილი აქვს მნიშვნელოვანი აქტივები, რომლებიც არ არის სადავო. საქმე ეხება ბანკსა და მის სატრასტო კომპანიებთან ურთიერთობის ფარგლებში, Credit Suisse-ის ქმედებებს. როგორც ივანიშვილის მხარე აცხადებს, ბანკის მხრიდან ივანიშვილის ინტერესების უგულებელყოფა ჯერ კიდევ 2022 წლის მარტიდან დაიწყო, როდესაც ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გადარიცხვის ინსტრუქციის შესრულებას 1 თვე დასჭირდა. არსებული ინფორმაციით, ბანკმა კლიენტის დავალების შეუსრულებლობა აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენებით განმარტა.

„სულ რომც სანქცირებული იყოს ბატონი ივანიშვილი, ეს ტრასტის ვალდებულებას ბენეფიციარის მიმართ არ აქრობს. პირიქით, ტრასტის მიზანი კლიენტის ინტერესების მომსახურებაა იმ პირობებშიც კი, როდესაც ბენეფიციარი რაიმე სამართლებრივ შეზღუდვას ექვემდებარება. სატრასტო სტრუქტურები ხომ სწორედ კლიენტთა აქტივებისა და ინტერესების დაცვის მიზნებისთვისაა შექმნილი, მათ შორის, ბენეფიციართათვის რთულ დროს“, – აცხადებს იურიდიული ფირმა.

ივანიშვილს მრავალი წელია შვეიცარიულ ბანკთან სასამართლო დავა აქვს. მარტში ცნობილი გახდა, რომ ბერმუდის სასამართლომ საქმეზე, რომელიც Credit Suisse-ის ყოფილი თანამშრომლის მიერ მოპარულ თანხებს ეხებოდა, ბიზნესმენის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]